პრემიერლიგაში მე-16 ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი კიდევ უფრო გამოიკვეთა. ლონდონის “ჩელსიმ” გასვლაზე “სანდერლენდს” დაძაბულ ბრძოლაში აჯობა, ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა და უახლოეს მდევრებს 6 ქულით გაუსწრო.
ლონდონელებს გამარჯვება სესკ ფაბრეგასმა მოუტანა, რომელმაც მე-40 წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან უზუსტესი დარტყმით შეძლო პიკფორდის კარის აღება. “შავ კატებს” ანგარიშის გათანაბრება 93-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ტიბო კურტუამ სებასტიან ლარსონს ურთულესი ბურთი აუღო და თავის გუნდი ქულების დაკარგვისგან იხსნა – 0:1.
ორმატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ დამაჯერებლად იმარჯვა “ლივერპულმა”. მერსისაიდელები სტუმრად “მიდლსბროს” ეთამაშნენ და სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ადამ ლალანამ, რომელმაც დუბლი შეასრულა და დივოკ ორიჯის გაატანინა – 0:3.
იმარჯვა ორივე მანჩესტერულმა კლუბმა. “სიტიმ” ზაბალეტას და სილვას გოლებით ზედმეტი პრობლემების გარეშე სძლია “უოტფორდს”, ხოლო “იუნაიტედს” საკმაოდ გაუჭირდა და გამარჯვების გოლის გატანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მხოლოდ 88-ე წუთზე მოახერხა.
მარტივად მოიგო “ტოტენჰემმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ჰალი” მიიღო და უშანსოდ დაამარცხა. დუბლი შეასრულა კრისტიან ერიკსენმა, ხოლო ერთი ბურთი ვიქტორ ვანიამას ანგარიშზეა – 3:0.
“ვესტ ბრომვიჩმა” “სუონსის” უმასპინძლა და უგოლო ტაიმის შემდეგ, მატჩის ბედი სალომონ რონდონმა გადაწყვიტა, რომელმაც 13-წუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. სტუმრებმა რაც მოახერხეს, ერთი პრესტიჟის ბურთის გატანაა, რომელიც 78-ე წუთზე რუტლიჯმა მიითვალა – 3:1.
“ვესტ ჰემმა” ნობლის გოლით “ბარნლის” აჯობა, ხოლო “სტოკის” და “საუთჰემპტონის” ჯახი უგოლო ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მარკო არნაუტოვიჩის გაძევების გამო, 23-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ.
აღნიშნული 8 შეხვედრის გარდა, ამ ტურში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. სამშაბათს “არსენალი” “გუდისონ პარკზე” “ევერტონს” ეწვია და პრემიერლიგაში 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ლონდონელები ალექსის სანჩესის გოლით იგებდნენ, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საერთოდ უქულოდ დარჩნენ, რითაც “ჩელსიმ” შესანიშნავად ისარგებლა და 6 ქულით გაიჭრა წინ. “არსენალს” ტაიმის ბოლოს კოულმენმა გაუთანაბრა, ხოლო 86-ე წუთზე ეშლი უილიამსმა გადამწყვეტი ბურთი გაიტანა – 2:1.
მორიგი სუსტი მატჩი ჩაატარა მოქმედმა ჩემპიონმა “ლესტერმა”, რომელიც “ბორნმუთთან” გასვლაზე პუგის გოლით დამარცხდა.
13 დეკემბერი
ბორნმუთი – ლესტერი 1:0 (1:0)
გოლი: პუგი (34)
ევერტონი – არსენალი 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 სანჩესი (20), 1:1 კოულმენი (44), 2:1 უილიამსი (86)
გაძევება: იაგიელკა (93 ე.)
14 დეკემბერი
ვესტ ბრომვიჩი – სუონსი 3:1 (0:0)
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 რონდონი (50; 61; 63), 3:1 რუტლიჯი (78)
ვესტ ჰემი – ბარნლი 1:0 (1:0)
გოლი: ნობლი (45+3)
ტოტენჰემი – ჰალი 3:0 (1:0)
გოლები: 1:0, 2:0 ერიკსენი (14; 63), 3:0 ვანიამა (73)
კრისტალ პალასი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 პოგბა (45+2), 1:1 მაკარტური (66), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (88)
მანჩესტერ სიტი – უოტფორდი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ზაბალეტა (33), 2:0 სილვა (86)
მიდლსბრო – ლივერპული 0:3 (0:1)
გოლები: 0:1, 0:3 ლალანა (29; 68), 0:2 ორიჯი (60)
სანდერლენდი – ჩელსი 0:1 (0:1)
გოლი: ფაბრეგასი (40)
სტოკი – საუთჰემპტონი 0:0
გაძევება: არნაუტოვიჩი (23 სტ.)