"მოყვარულთა თასი-2016" დასრულდა. ფინალში სეუ-მ 2:0 სძლია "წისქვილს" და ჩემპიონი გახდა. დაძაბული თამაში იყო, პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა და "წისქვილს" ბოლო წამებამდე ჰქონდა გათანაბრების შანსი. მეორე გოლი ასე გავიდა: "წისქვილის" მეკარე ჩაერთო შეტევაში და სეუ-მ კონტრშეტევისას უმეკარეო კარში გაიტანეს.
წლევანდელ "მოყვარულთა თასზე" ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250-მდე გუნდმა ითამაშა. საერთო ჯამში, დაახლოებით 55 000 მოყვარული ფეხბურთელი მონაწილოებდა.
ფინალში მონაწილე გუნდები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ დააჯილდოვეს:
"პროექტის მთავარი გამარჯვება ისაა, რომ მოყვარულ ფეხბურთელებს საშუალება მიეცათ, თავი წარმოეჩინათ. "მოყვარულთა თასი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით წლეულს შემოდგომაზე დაიწყო და როგორც გამოჩნდა, დიდი ინტერესიც გამოიწვია. ის ფაქტი, რომ 200-ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა, მეტყველებს, რომ საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ. ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სამოყვარულო ფეხბურთი წლიდან წლამდე კიდევ უფრო განვითარდეს" - განაცხადა მუჯირმა.