ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი ფედერიკო მაკედა, რომელზეც ერთი პერიოდი დიდი იმედი მყარდებოდა, კარიერას სამშობლოში, სერია B-ს ბინადარ “ნოვარაში” გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
მაკედას, რომელიც ახლა 25 წლისაა, “მანჩესტერში” ძალიან წარმატებული დებიუტი ჰქონდა – 2008/2009 წლების სეზონში 18 წლის ფედერიკოს სერ ალექს ფერგიუსონმა “ასტონ ვილასთან” თამაშის საშუალება მისცა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გატანილი გოლით იტალიელმა “წითელ ეშმაკებს” მოაგებინა. ერთ კვირაში კი, გამარჯვების გოლი “სანდერლენდსაც” გაუტანა.
ეგ იყო და ეგ – ამის შემდგომ მაკედამ პრემიერლიგაში ოდენ ორჯერ მოახერხა გატანა და უამრავი გუნდი გამოიცვალა: “სამპდორია”, ქპრ, “შტუტგარტი”, “ბირმინგემ სიტი”, “ნოტინგემ ფორესტი”... ბოლოს კი, “კარდიფ სიტის” ღირსებას იცავდა.