საქართველოს საკალათბურთო ,,ა’’ლიგის წევრებიდან შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდი იბსუ ერთადერთია, რომელსაც ამ ლიგაში დარჩენისათვის ბრძოლა მოუწევს. საქმე ისაა, რომ ,,ა’’ ლიგის პირველ ოთხეულში მყოფი გუნდებიდან სხვადასხვა მიზეზით ,,ვითა’’ ჩემპიონატს გამოეთიშა და მისი ადგილი პირველ ოთხეულში მეხუთე ადგილზე მყოფმა თსუ-მ დაიკავა. რაც შეეხება იბსუ-ს, ამ გუნდმა მეექვსე ადგილზე მყოფი ,,ვინგსი’’ ჩაანაცვლა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ,,ა’’ ლიგაში თამაში პირველ ოთხეულში შემავალ გუნდებს აქვთ გარანტირებული, ხოლო მეხუთე-მეექვსე ადგილებზე მყოფები გადათამაშებაში მონაწილეობენ, საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საუკეთესო გუნდთან ერთად.
worldsport.ge იბსუ-ს მთავარ მწვრთნელს დავით რიბაშვილს ესაუბრა.
- საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დებულებიდან გამომდინარე, თქვენ ჩემპიონატს საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა იწყებდეთ, როგორც დებიუტანტი. ამ ეტაპის გაუვლელად ,,ა’’ ლიგაში როგორ მოხვდით?
- ,,ვინგსის’’ მოთამაშეები და ხელმძღვანელობა ჩვენი მეგობრები არიან და ,,ა’’ ლიგაში თამაშის უფლება მათთან ურთიეთშეთანხმების შემდეგ მოვიპოვეთ.
- თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენი გუნდის შესახებ?
- იბსუ შავი ზღვის უნივერსიტეტს ეკუთვნის. ჩემთან ერთად იბსუ-ში არიან შავი ზღვის უნივერსიტეტის სპორტის განყოფილების უფროსი გიორგი ჯაფარიძე, რომელიც გუნდის უფროსია და მენეჯერი - ნიკოლოზ ჯანდიერი. რაც შეეხებათ მოთამაშეებს, ესენი არიან: თორნიკე ნინიაშვილი, სოსო გოგნაძე, გიორგი ბეშქენაძე, ნიკა ღონღაძე, ტატო თავართქილაძე, გიორგი ტეტელაშვილი, ირაკლი ჩერქეზიშვილი, გიორგი დოლიძე, გუგა პატარაია, ალექსანდრე ჩოჩია და ირაკლი მეგენეიშვილი.
- სუპერლიგასა და ,,ა“ ლიგაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ლეგიონერები საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე გუნდებსაც ჰყავთ. თქვენ არ აპირებთ ლეგიონერის დამატებას?
- თუ შევინარჩუნეთ ადგილი ,,ა’’ ლიგაში, ლეგიონერებით ამის შემდეგ გავძლიერდებით.
- თქვენი სავარაუდო მეტოქეები საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე ,,ტიტები’’ და ,,დელტა’’ არიან, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან და მათ შორის ხელმოცარულს დაუპირისპირდებით. თქვენ რომელს ისურვებდით მეტოქედ?
- მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე ძლიერი მეტოქეა და რთული ბრძოლის გადატანა მოგვიწევს.
- რა არის თქვენი გუნდის მიზანი?
- ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.