სხვა

15:56 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობა: 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე!

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ისრაელიდან დაბრუნებულ ძალოსანთა ნაკრებს უმასპინძლა, რომელმაც ტრიუმფით დაასრულა იუნიორ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი.

ისრაელის ქალაქ ეილატში 2-10 დეკემბერს გამართულ ევროპირველობაზე ქართველმა ძალოსნებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ცალკეული დისციპლინების (ატაცი, აკვრა) ჩათვლით კი 22 მედალი!

იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა ანასტასია გოტფრიდი (+75კგ), 23-წლამდელთა შორის კი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ტრიუმფატორმა ლაშა ტალახაძემ იპირველა! ოლიმპიურმა ჩემპიონმა ორჭიდის ჯამში 440კგ დაძლია და 23-წლამდელთა ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა. იუნიორთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა დავით ხეცურიანმა (105კგ), მესამე ადგილზე კი გიორგი დოკვაძე (56კგ), გოდერძი ბერდელაძე (62კგ), გოგა ჩხეიძე (69კგ), რეზი დავითაძე (85კგ) და გიორგი ჩხეიძე გავიდნენ (105კგ). რაც შეეხებათ 23-წლამდელებს, ტალახაძის ოქროს რამინ შამილიშვილმა (62კგ) ვერცხლი, შოთა მიშველაძემ (62კგ) კი ბრინჯაოს მედლები დაუმატეს.

„ამ ბოლო დროს ძალოსნებს ხშირად ვმასპინძლობთ და გულით მიხარია, რომ ამის მიზეზი მხოლოდ წარმატებებია. წლეულს ჩვენი ათლეტები გამორჩეულად წარმატებულნი არიან და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ევროპის ჩემპიონატზე მოგებული ამდენი მედალი უდავოდ იმაზე მიუთითებს, რომ ძალოსნობის ფედერაცია სწორი მიმართულებით მუშაობს. აქვე შევნიშნავ, რომ ერთ ფედერაციაში სამი ოლიმპიური ჩემპიონის ნაყოფიერი თანამშრომლობა ძალიან იშვიათია და თქვენ, ძალოსნები ამ მხრივ გამორჩეული ხართ! ვულოცავ სპორტის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას და გისურვებთ უფრო წარმატებულ 2017 წელს. შარშან, წლის სპორტსმენის დაჯილდოებაზე, როცა საუკეთესო ფედერაციად ძალოსნობისა დავასახელეთ, ბევრმა ეჭვი შეიტანა ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში, თუმცა მიხარია, რომ თქვენ შედეგებით ყველა ეჭვი გაფანტეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ წარმატებას"! - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ახლახანს დავბრუნდით ისრაელიდან, სადაც ჩვენმა გუნდმა სრული ტრიუმფით დაასრულა ევროპის იუნიორთა და 23-წლამდელთა ჩემპიონატი. 22 მედალი მოვიგეთ, წლეულს მოგებული მედლების რაოდენობა კი უკვე 60-ს მიუახლოვდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მახარებს. ასევე სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ შარშანდელთან შედარებით ჩვენს სპორტში თითქმის ოთხჯერ მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს, რაც ცხადია, ლაშა ტალახაძის დამსახურებაცაა. ასევე ვიტყვი, რომ 2016 წელს საქართველოს ძალოსნობის 10 დარბაზი შევმატეთ და წლის ბოლომდე მათი რიცხვი 2-3-ით გაიზრდება. მსურს მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყურადღებისა და გვერდში დგომისთვის. ჩვენი თანამშრომლობა არაერთი წარმატების საწინდარი გახდა და მჯერა, მომავალ წელსაც ასე იქნება", - ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი.

„ევროპის ჩემპიონატზე ამდენი მედალი აქამდე არავის მოუგია და ცხადია, ძალიან გახარებული ვარ! ჩვენ კიდევ ერთხელ ვასახელეთ საქართველო და მინდა გუნდის ყველა წევრს, მწვრთნელებით დაწყებული, სპორტსმენებით გაგრძელებული და სამედიცინო შტაბის ჩათვლით დასრულებული, უღრმესი მადლობა გადავუხადო. მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა და ჩვენი გამარჯვებით გაიხარა", - განაცხადა ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ.

„2016 წელს უკვე მესამე დიდი ტურნირი მოვიგე და ძალიან გახარებული ვარ! 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში პირველად გავიმარჯვე და ამდენად, ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან ფასეულია. მიხარია, რომ ასეთი წარმატებული წელიწადი მაქვს. ეს არა მარტო ჩემი, მწვრთნელების და იმ გუნდის დამსახურებაა, ვისთანაც ვმუშაობ. დიდი მადლობა ფედერაციას, ნაკრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელთა მხარდაჭერითაც არაერთი გამარჯვება მოვიპოვე", - განაცხადა 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონმა, რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა ლაშა ტალახაძემ.



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.133514