საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ ნიკოლოზ კელასოვს (80 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს ერთადერთი გამარჯვება აშორებს.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატზე კელასოვმა ძირითად ბადეში გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა, რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან აბაჩარაევთან წაგებით (3:5). აბაჩარაევმა ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ სამი ეტაპი დაძლია, ფინალში გავიდა და ქართველ მოჭიდავეს ბრინჯაოსკენ მიმავალი გზა გაუხსნა.
რეპეშაჟი ნიკოლოზ კელასოვმა რუმინელი გეორგე ვლად მარიეას ძლევით გახსნა - 2:1. "ბრინჯაოს ნახევარფინალში” ანალოგიური ანგარიშით აჯობა აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უზბეკ ჯონიბეკ ოტაბეკოვს დაუპირისპირდება.
დღესვე, მსოფლიოს კონკურენციაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ტლაშაძეც (70 კგ) ჩაერთო, მაგრამ ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა, ამერიკელ ჯეიმს მალკოლმ გრინთან მარცხით (1:4).
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.