კალათბურთი

22:20 | 9.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,კაკტუსი“ ,,ბათუმს“ გაუთანაბრდა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტური ბათუმში ადგილობრივი ,,ბათუმისა“ და ,,კაკტუსის“ მატჩით გაიხსნა.

ამ შეხვედრამდე ზღვისპირელებს მეტოქეზე ერთი მოგებით მეტი ჰქონდათ. ყველა კრიტერიუმით ფავორიტებად მასპინძლები ითვლებოდნენ, რადგან ,,,კაკტუსი“ შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა. ვერც ამ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა ტერიკ ბრიჯმანმა, კირილე ტატუნაშვილმა, ოთარ ამონაშვილმა და ირაკლი ჩლაიძემ. ამხელა დანაკლისის მიუხედავად, სტუმრებმა შესანიშნავად დაიწყეს მატჩი და პირველი ტაიმი 12 ქულის სხვაობით 48:36 მოიგეს.

მართალია, მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს და მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდნენ, საბოლოო ანგარიშია 86:82 ,,კაკტუსის“ სასარგებლოდ.

სტუმართა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჯონ ფლოვიესმა შეიტანა, რომელმაც 25 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე კარგი შედეგი ჰქონდათ ტაილერ უაითს (22 ქულა), ბექა ჩიკვილაძეს ( 15 ქ) და რატი ბააკაშვილს , რომლის ანგარიშზეც 11 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასია.

მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი 22 ქულით კახა ჯინჭარაძე იყო. ამ მოგების შემდეგ ,,კაკტუსი“ ,,ბათუმს“ გაუთანაბრდა და მასთან ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ,,კაკტუსი“ შესუსტებული შემადგენლობით უკეთ თამაშობს, მან ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

,,ბათუმი“ - ,,კაკტუსი“ 82:86

(18:22, 18:26, 24:20, 24:18)

0.201965