ძიუდოს გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ 2-4 დეკემბერს იაპონიაში ტოკიოს დიდი სლემის მორიგი ტურნირი ჩატარდა.
ჩინებული სპორტული შედეგების და ახალი ვარსკვლავური სახეების აღმოჩენის გარდა, ეს შეჯიბრება ერთი რამითაც გახლდათ გამორჩეული: 5 დეკემბერს ტოკიოში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ძიუდოს წესებში ახალი, შეიძლება ითქვას, რევოლუციური ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.
მართალია, ეს ყველაფერი ჯერ ჭორის დონეზეა და IJF-ის ხელმძღვანელობა არაფერს ასაჯაროებს, თუმცა ინფორმაციის დეტალები ფრანგული ინტერნეტ-გამოცემისთვის გახდა ცნობილი და ჩვენც მათზე დაყრდნობით შევეცდებით გაგარკვიოთ, თუ რა ცვლილებებზეა საუბარი.
- შეფასება “იუკო” უქმდება და რჩება მხოლოდ შეფასება „ვაზარი“ (Waza-ari). ეს კეთდება იმისთვის, რათა ძიუდოში გაუთვითცნობიერებულმა გულშემატკივარმა სპორტის ამ სახეობის ყურება და აღქმა უფრო ადვილად შეძლოს.
- თუკი აქამდე ორი ვაზარი საკმარისი იყო შეხვედრის ვადამდე დასრულებისთვის (ორი ვაზარი = ავასატე იპონი), ამჯერად გამარჯვების ვადამდე მოსაპოვებლად ოთხი ვაზარი იქნება საჭირო.
- სპორტსმენს მეტოქის 10 წამით შებოჭვისთვის მიენიჭება ერთი ვაზარი.
- შეუძლებელი ხდება შეხვედრის მოგება მხოლოდ შიდოებით. ერთი და ორი შიდოს უპირატესობა წარმატებისთვის საკმარისი არ იქნება. შიდო პრიორიტეტული და გამარჯვების მომტანი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეტოქეებს შეხვედრის განმავლობაში თანაბარი რაოდენობით შედეგიანი გდებები ექნებათ შესრულებული (ერთი ვაზარი - ერთ ვაზარიზე, ორი ვაზარი - ორ ვაზარიზე, ანაც სამ-სამი ვაზარი თითოს).
თუკი მთელი შეხვედრის განმავლობაში ძიუდოისტს მხოლოდ ერთი ან ორი შიდო ექნება და შედეგიანი გდება არ იქნება შესრულებული, დაინიშნება დამატებითი დრო (Golden Score).
- ცვლილებებამდე სპორტსმენი შეხვედრიდან ვადამდე იხსნებოდა ოთხი შიდოს მიღების შემთხვევაში (ჰანსუკომაკე). ამჯერად მოსაგებად სამი შიდო იქნება საკმარისი.
- ადრე სპორტსმენი ფეხში შესვლისთვის მომენტალურად ისჯებოდა დისკვალიფიკაციით - ჰანსუკომაკეთი. ამჯერად ასე იქნება: ფეხში პირველ შესვლაზე მიეცემა შიდო, ხოლო თუკი ძიუდოისტმა იგივე მეორედაც გააკეთა, მაშინ მოიხსნება შეხვედრიდან.
- ვაჟებში იგეგმება შეხვედრის ხანგძრლივობის შემცირება 5-დან 4 წუთამდე. ანუ ვაჟებშიც და ქალებშიც დაპირისპირების ძირითადი დრო გასტანს მხოლოდ 4 წუთს.
მომავალი წლის დასაწყისში, 5-8 იანვარს ბაქოში გაიმართება IJF-ის მწვრთნელთა და მსაჯთა სემინარი, სადაც აღნიშნული სიახლეები კიდევ ერთხელ იქნება განხილული და მოსალოდნელია, რომ ახალი წესები პრაქტიკაში გამოიცდება 14-15 იანვარს ტუნისში გასამართ აფრიკის ღია კონტინენტურ პირველობაზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, რუმინელი მარიუს ვიზერი თავადაა დაინტერესებული, ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი და ჩაერთოს ახალი წამოწყების ირგვლივ წარმოშობილ განხილვებში სპეციალისტებთან და ძიუდოს გულშემატკივრებთან. ამისთვის ის მუდმივად გახლავთ ჩართული ტვიტერის სოციალურ ქსელში და აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში უძღვება ონლაინ-კონფერენციებს.
სანამ ახალი წესები პრაქტიკაში დანერგილა, მოდი, შევეცადოთ განვიხილოთ, როგორ უმტკივნეულოდ თუ მტკივნეულად შეიძლება მიიღოს ძიუდოს სამყარომ ეს სიახლეები და რა სავარაუდიო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას:
IJF-ს ძირეული ცვლილებები წესებში ადრეც გაუტარებია. ძიუდოს გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ 2010 წელი, როდესაც ჯერ ნაწილობრივ აიკრძალა ფეხში შესვლა, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადიდან მოყოლებული კი ეს ილეთი საერთოდ ამოიღეს და წესის დამრღვევ სპორტსმენებს პირდაპირ დისკვალიფიკაცია ეძლეოდათ.
თითქოს იყო საუბრები, რომ რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ისევ დააბრუნებდნენ ფეხში შესვლას, თუმცა, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ეს ნამდვილად არ მოხდება.
ერთი კია, ფეხში პირველივე შესვლაზე სპორტსმენის მოხსნა ცოტა გადამეტებულად მკაცრად ჩანდა და აჰა, ძიუდოს მამები მივიდნენ ამ დასკვნსმდე და არსებულ სასჯელს ოდნავ ამსუბუქებენ.
უამრავ მაგალითს შორის შეგვიძლია მოვიყვანოთ ტოკიოს შარშანდელ დიდ სლემზე 81 კგ-ში მომხდარი შემთხვევა, როდესაც ძიუდოს მთელი სამყარო ელოდა ჭრიკიშვილისა და ნაგასეს ფინალურ დაპირისპირებას, თუმცა ნახევარფინალში საკამათო ეპიზოდში ნაგასე ფეხში შესვლისთვის მოხსნეს და ის დაანონსებული ფინალიც არ შედგა.
ახალი წესების დანერგვის შემდეგ ასეთ შემთხვევებს ადგილი აღარ ექნება, რაც ზოგადად ძიუდოსთვის ცუდი არ უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ ფეხში შესვლა უნდა დააბრუნონ, უბრალოდ, აღვნიშნავთ: პირველივე შემთხვევაზე დისკვალიფიკაცია გადამეტებულად მკაცრი იყო.
წესი 1: იუკოს გაუქმება და შერწყმა ვაზარისთან
2010 წელს წესებიდან ამოიღეს შეფასება „კოკა“. ახლა, როგორც ჩანს, იუკოსაც იგივე ბედი ელის. უფრო სწორად, შეფასება „იუკოს“, თორემ ეს გდება, როგორც ასეთი, არსად დაიკარგება. ანუ, იგულიოსხმება, რომ სპორტსმენი იუკოს შეასრულებს თუ ვაზარის, მნიშვნელობა არ აქვს, გდება შეფასდება და ორივე შემთხვევაში ტაბლოზე დაიწერება ვაზარი.
სიახლე ის იქნება, რომ ადრე წმინდად მოსაგებად 2 ვაზარი თუ იყო საკმარისი, ახლა 4 შედეგიანი ილეთის შესრულება ხდება აუცილებელი.
ანუ ძველ ყაიდაზე თუ გადავიანგარიშებთ, ამიერიდან ძიუდოისტმა წმინდად მოსაგებად მინიმუმ ერთი ვაზარი და სამი იუკო მაინც უნდა შეასრულოს.
რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოთქმული არ ეხება ძიუდოს მთავარ გდებას და სილამაზეს - იპონს. იპონი ყოველთვის იპონად დარჩება და ასეთი გდების შემსრულებელი სპორტსმენი როგორც ადრე, ამჯერადაც მომენტალურად გამოცხადდება გამარჯვებულად.
ჯერ კოკას, შემდეგ კი იუკოს გაუქმება, როგორც ჩანს, იმით იყო განპირობებული, რომ ძიუდოში ნაკლებად ჩახედულ მაყურებელს უჭირდა ამდენი ილეთების ერთმანეთისგან გარჩევა. გაფრთხილებები შიდო, ჩუი, კეიკოკუ საკმაოდ დამაბნეველი იყო და დილეტანტს არ უჩენდა სტიმულს, უფრო ჩაღრმავებოდა ამ სპორტს.
ახლა კი ყველაფერი გამარტივდა. დარჩა მხოლოდ ვაზარი, იპონი (აღარ არის იუკო და კოკა) და შიდო (აღარ არის ჩუი და სეიკოკუ), რის გამოც ძიუდოს მესვეურები მიიჩნევენ, რომ გულშემატკივრების რიცხვი მოიმატებს, ტელერეპორტაჟების ხილვა უფრო სასიამოვნო, ადვილად აღქმადი გახდება, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ძიუდოს პოპულარიზაციას.
წესი 2: მხოლოდ შიდოებით გამარჯვების გაუქმება
პირველი მთავარი ცვლილება ისაა, რომ ვადამდე გამარჯვებისთვის ოთხი შიდოს ნაცვლად სამი გაფრთხილებაც იქნება საკმარისი.
მეორე სიახლე: მხოლოდ ერთი ან ორი შიდოთი დაწინაურება შეხვედრას ვერ მოგაგებინებს. ერთ შიდოს ოქროს ფასი დაედება და გადამწყვეტი გახდება იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენებს შედეგიანი გდებების თანაბარი რაოდენობა ექნებათ შესრულებული.
გდებების გარეშე ერთი ან ორი შიდო უპირატესობას ვერ მოგანიჭებთ.
აქ იბადება რამდენიმე კითხვა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს:
ა) ანუ, თუ შეხვედრა დასრულდა და რომელიმე ძიუდოისტს მხოლოდ ერთი ან ორი შიდო აქვს მიღებული, ინიშნება დამატებითი დრო - „გოლდენ სქორი“;
ბ) თუ შეხვედრა დასრულდა და ტაბლოზე ორივე ძიუდოისტის მიერ შესრულებული ორ-ორი შედეგიანი გდებაა ასახული, მაშინ გამარჯვებულად გამოცხადდება ის სპორტსმენი, ვისაც ნაკლები შიდო ექნება მიღებული. ამ შემთხვევაში ერთი კინკილა შიდოც კი უმნიშვნელოვანესი ხდება;
გ) შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ახალი წესი შიდოებზე ტაქტიკური ბრძოლის ამწყობ ძიუდოისტებს დიდად არ მოეწონებათ. ალბათ, ასეცაა, თუმცა ტაქტიკური ბრძოლა აზრს მაინც არ კარგავს, რადგან ყოველთვის არის შანსი, მეტოქეს მესამე შიდოც მიაღებინო და გამარჯვება მოიპოვო;
დ) დავუშვათ, მოხდა ასე: შეხვედრა გადავიდა დამატებით დროში, თან ისე, რომ არცერთ მხარეს არც გდება შეუსრულებია და არც გაფრთხილებულა.
რა მოხდება მაშინ? ახალი წესების თანახმად, გამოდის, რომ რომელიმე მხარემ ან გდება უნდა შეასრულოს, ანაც სამი შიდო მიაღებინოს მეტოქეს. ეს კი შეხვედრას ძალიან გაახანგძლივებს, რაც ტელევიზიებისთვის ნაკლებად მომხიბვლელია.
ამიტომ, სავარაუდოდ, „გოლდენ სქორის“ შემთხვევაში პირველივე შიდო გადაწყვეტს გამარჯვებულის ბედს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ყოველივე ჩვენი მოსაზრებებია, საღ აზრთან მიახლოებული. თორემ კონკრეტული, დაზუსტებული პასუხები ჯერ არ არსებობს.
წესი 3: ფეხში შესვლაზე სასჯელის შემსუბუქება
ფეხში პირველი შესვლა დაისჯება შიდოთი. მეორე შესვლა - ჰასუკომაკეთი. ეს წესებში სიახლეა, თუმცა იდეა ახალი სულაც არაა.
ჯერ კიდევ 2010 წელს არსებობდა მოსაზრება, რომ პირველი შესვლა შიდოთი დაესაჯათ და მხოლოდ განმეორების შემთხვევაში მიეცათ დისკვალიფიკაცია.
თუმცა IJF-მ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა ეგრედ წოდებული შოკური ეფექტი გამოეყენებინა და სპორტსმენებისთვის პირდაპირ დისკვალიფიკაცია მიეცა.
უნდა ითქვას, რომ ამან ძალიან კარგად იმუშავა. რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მთლიანობაში სულ რაღაც 10-მდე ჰანსუკომაკე დაფიქსირდა და ფეხში შესვლისთვის დისკვალიფიკაცია მათ შორის მხოლოდ რამდენიმე იყო.
ასე რომ, 2010 წლის შემდგომ 6-წლიან პერიოდში IJF-მა მოახერხა და ფაქტობრივად სპორტსმენებში ძირფესვიანად ამოძირკვა ფეხში შესვლის სურვილიც კი.
რადგან ახალი ტალღის ძიუდოისტების მთელი თაობები წამოვიდა - ვინც ფეხში შესვლაზე არც კი ფიქრობს, IJF-მა მისია შესრულებულად ჩათვალა და გადაწყვიტა, ზედმეტად მკაცრი წესი ოდნავ შეამსუბუქოს.
ბუნებრივია, ამით ფეხში შესვლის წაქეზება არ ხდება. ის ისევ დისკვალიფიკაციით დაისჯება. უბრალოდ, ძიუდოისტებს მეორე შანსიც მიეცემათ და პირველივე ჯერზე შეხვედრიდან არ მოიხსნებიან.
წესი 4: ვაზარი 10-წამიანი შებოჭვისთვის
აქამდე მეტოქეს პირველი 10 წამი შებოჭვაზე თუ დაიჭერდი, ტაბლოზე იუკო ფიქსირდებოდა. ახალი წესებით, რადგან იუკო ვაზარიდ გადაკეთდა, ბუნებრივია, 10 წამით შებოჭვის შემთხვევაში სპორტსმენს ერთი ვაზარი მიენიჭება.
აქ ისმის კითხვა: რამდენი წამი იქნება საჭირო იპონის დასაფიქსირებლად? 15 თუ 20?
რადგან IJF-ის ყველა ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ შეხვედრები უფრო დინამიური და სანახაობრივი გახდეს, ლოგიკურია ვივარაუდოთ, წმინდა გამარჯვებისთვის 15 წამით მეტოქის შებოჭვაც საკმარისი იქნება.
არგუმენტად მოჰყავთ შემდეგი: თუ ვინმე დაიჩივლებს, 15 წამი ცოტააო, გადახედეთ ჭიდაობას, სადაც წმინდა გამარჯვებისთვის მეტოქის ბეჭებზე ორი წამით გაჩერებაც საკმარისია.
წესი 5: ვაჟების შეხვედრების ხანგრძლივობის შემცირება 4 წუთამდე
დღევანდლამდე შეხვედრების ხანგრძლივობა შემდეგნაირად განისაზღვრებოდა: ვაჟების დაპირისპირება გრძელდებოდა 5 წუთი, ქალების - 4 წუთი.
IJF-ის ეს გადაწყვეტილება ბოლო პერიოდის განმავლობაში ფემინისტური მოძრაობების მხრიდან დიდი კრიტიკის საფუძველი გახდა და განიხილებოდა, როგორც სექსისტური და დისკრიმინაციული.
არგუმენტად მოჰყავდათ ის, რომ "თუ 80-იან და 90-იან წლებში გოგონების ძიუდო ნაკლებად განვითარებული იყო და შესაბამისად, შეხვედრები - მოსაწყენი და უინტერესო, ახლა ვითარება საგრძნობად შეიცვალა.
ადრეც იყვნენ ბრწყინვალე შემსრულებლები და ილეთების უბადლო ოსტატები რიუკო ტანი და კარენ ბრიგსი, თუმცა ისინი უფრო გამონაკლისები იყვნენ იმ ეპოქაში, ვიდრე კანონზომიერება.
თანამედროვე ქალთა ძიუდოში კი მრავლად წამოვიდნენ დიდი ოსტატები, გამოჩენილი სპორტსმენები, ვინც ვაჟებზე არანაკლებ სანახაობრივ ძიუდოს სთავაზობენ მაყურებელს. შესაბამისად, ქალების შეხვედრების ხანგრძლივობის შემცირება და საპირისპიროდ, ვაჟებში ძველებურად 5 წუთის დატოვება არასამართლიანია".
ჩვენი მხრივ დავამატებთ, რომ IJF ყველაფერს აკეთებს, რათა ძიუდო მაქსიმალურად მომხიბვლელი გახდეს ტელევიზიებისთვის და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მოიტანოს.
ვაჟების შეხვედრების ხანგრძლივობის 4 წუთამდე შემცირება კი ამას ყველანაირად შეუწყობს ხელს. დაპირისპირებები უფრო დინამიური გახდება. ორივე მხარე ეცდება, რაც შიძლება მალე გააკეთოს გდება. ჩამორჩენილ სპორტსმენს კი დროის ნაკლებობის განცდა დაეუფლება და ისიც უმოკლეს ხანში შეეცდება საპასუხო ილეთის შესრულებას.
ვრცელი საუბრის შემდეგ რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ? წაადგება ეს ყველაფერი ძიუდოს?
გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ სატელევიზიო აუდიტორიისთვის ცალსახად მიმზიდველი იქნება. მაყურებელი მხოლოდ იხეირებს, თუ შეხვედრები უფრო სწრაფად ჩაივლის, თანაც ამ მოკლე დროში უფრო სანახაობრივ ძიუდოს თუ იხილავს ბევრი გდებებით და შეუპოვარი ბრძოლით.
ასეთი სანახაობით უპირველესად ტელევიზიებია დაინტერესებული და მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, თანამედროვე სპორტიც სწორედ რომ ტელევიზიების ინტერესებზეა ძირითადად ორიენტირებული.
ტელევიზიებთან მეგობრობა თავად სპორტის სახეობების წინსვლისა და განვითარებისთვისაა სასიცოცხლოდ აუცილებელი.
გამოდგება თუ არა ახალი წესები შიდოებზე ტაქტიკურად მოჭიდავეებისთვის მომაკვდინებელი? იძულებული შეიქნებიან თუ არა ასეთი ძიუდოისტები, გადახედონ თავიანთი ჭიდაობის სტილს?
დიდი ალბათობით, დიახ. მათ მოუწევთ ილეთის შესრულებაზე მეტი ფიქრი, რადგან ორი შიდოც კი საერთოდ არ იქნება გამარჯვების გარანტია.
თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტაქტიკური ბრძოლა ბოლომდე აზრს არ დაკარგავს, რადგან თუ იმდენს მოახერხებ, რომ მეტოქეს სამი შიდო მიაღებინო, მოგება შენ დაგრჩება. სხვა საკითხია, თუ რამდენად ადვილი იქნება ძიუდოისტებისთვის მეტოქე აიძულონ სამჯერ დაჯარიმდეს.
ყოველივე ზემოთ ნათქვამი ჯერ მხოლოდ მოარული ხმებია. ჩვენ, ძიუდოს მოყვარულებს კი მოგვიწევს მინიმუმ ერთი თვით დაცდა. 5-8 იანვრამდე, როცა ბაქოში IJF-ის მწვრთნელთა და მსაჯთა სემინარზე მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას და 14-15 იანვარს, ტუნისის ტურნირზე მოგვეცემა ახალი წესების პრაქტიკაში ხილვის შესაძლებლობა.