ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “იუტა ჯაზი” 106:99 დაამარცხა.
ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 22 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ფაჩულიამ 3-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო და მოულოდნელად ორივე საჯარიმო სროლა ვერ გამოიყენა, რაც იშვიათი შემთხვევაა. ისიც უნდა ითქვას, რომ ზაზამ 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრებმა” პირველსავე პერიოდში 18-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა, “იუტამ” დიდი ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა. მატჩში ყველაზე მეტი - 26 ქულა - სტეფ კარის ანგარიშზეა. დურანტმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 21 ქულა, 11 მოხსნა. “იუტაში” ჯო იგლზი 21 ქულით გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტი” 20 მოგებით და 3 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. “ოქროს შტატელები” მომდევნო მატჩში გასვლაზე “მემფის გრიზლისს” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 11 დეკემბერს თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყება.