რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ მოსკოვის ცსკას ხვალიდან ახალი მწვრთნელის ძიება მოუწევს. როგორც არმიელთა გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, ლონდონის “ტოტენჰემთან” მატჩის შემდეგ, შედეგის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელის პოსტს ლეონიდ სლუცკი დატოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება 45 წლის სპეციალისტმა მას შემდგომ მიიღო, რაც ცსკას სეზონის პირველი ნახევარი კარგი ვერ გამოუვიდა: პრემიერლიგაში მხოლოდ მესამე ადგილზეა და ლიდერ “სპარტაკს” საგრძნობლად ჩამორჩება, რუსეთის თასიდანაც ნაადრევად გამოვარდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 5 ტურში ოდენ 2 ქულა მოიპოვა და ევროპა ლიგაზე იმ შემთხვევაში გავა, თუ ლონდონში გაიმარჯვებს.
სლუცკი ცსკა-ს 2009 წლიდან მოყოლებული ედგა სათავეში და პრემიერლიგა გუნდს სამჯერ მოაგებინა, ქვეყნის თასი ორჯერ, სუპერთასიც ამდენჯერვე.
2015-2016 წლებში იგი პარალელურად რუსეთის ნაკრებსაც წვრთნიდა, 2009 წლამდე კი, “კრილია სოვეტოვსა” და “მოსკვას” ავარჯიშებდა.