საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ვლადიმირ ვაისის გუნდი უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დუბაიში დაუპირისპირდება.
ამხანაგური შეხვედრა მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გაიმართება. აღსანიშნავია,რომ 23 იანვარი ფიფას კალენდარში ოფიციალურ თარიღად არ არის შეტანილი. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეებითა და იმ ლეგიონერებით დაკომპლექტდება,რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ თამაშს 24 მარტს, თბილისში, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.
უზბეკეთის ნაკრები ფიფას რეიტინგში 62-ე ადგილზეა. ბოლო მატჩი სამხრეთ კორეასთან გასვლაზე ჩაატარეს და ბოლო წუთზე გაშვებულით 1:2 წააგეს. უზბეკებს შანსი აქვთ, რომ მუნდიალზე მოხვდნენ, საამისოდ ექვსგუნდიან ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე უნდა გავიდნენ, ხოლო მესამეადგილოსნობა პლეი-ოფში გაიყვანთ. ამჟამად სწორედ მესამეზე არიან, მაგრამ ირანს ორით, ხოლო სამხრეთ კორეას ერთი ქულით ჩამორჩებიან.