“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გლაზგოს “სელტიკთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა მისი გუნდი ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულიყო, თუმცა, ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია “სიტი” თებერვალში ფორმაში იყოს.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ ფეხბურთელებსაც მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება, რომელთაც ეს შანსი აქამდე ხშირად არ ეძლეოდათ. მათ შეუძლიათ დაამტკიცონ ბევრი რამ და გააკეთონ მაქსიმუმი. დღევანდელი მატჩი ჩვენთვის კარგი ტესტია – უნდა ვითამაშოთ იმაზე უკეთ, ვიდრე გლაზგოში.
არ ველოდებოდი, რომ პლეი-ოფის საგზური ამ დროისთვის გარანტირებული გვექნებოდა, რა თქმა უნდა მერჩივნა, ჯგუფში პირველ ადგილზე გავსულიყავით. თუმცა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია თებერვალში საუკეთესო ფორმაში ვიყოთ”, - განაცხადა გვარდიოლამ.
“მანჩესტერ სიტის” 8 ქულა აქვს და მერვედფინალში თამაში უკვე გარანტირებული, მაგრამ პირველ ადგილზე გასვლის შანსი დაკარგულია.