ფეხბურთი

2:56 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა ბოლო ვერდიქტის მოლოდინში

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ორი მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვევა და ორივე B ჯგუფიდან. თუმცა, არც სხვა ჯგუფებშია უინტერესო მატჩები. განსაკუთრებით დამაინტრიგებელი “ბაიერნისა” და “ატლეტიკოს” შეხვედრაა. დიდი ინტერესი ახლავს “ბენფიკასა” და იტალიური “ნაპოლის” მატჩს, რადგან სწორედ მათ შორის ერთ-ერთი ან ორივე მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს. მოკლედ, მიყვეთ თანმიმდევრობით...

A ჯგუფი

პსჟ – “ლუდოგორეცი”

ყველაფერი “პარი სენ ჟერმენის” ხელთაა – თუ უნაი ემერის გუნდი მოიგებს, დანამდვილებით პირველ ადგილზე გავა და მერვედფინალში მოედნის უპირატესობას მიიღებს. თუმცა საკითხავია, სჯობს კი ასე? სხვა ჯგუფებს რომ გადავხედოთ, მეორე ადგილზე საკმაოდ ძლიერი გუნდები გადიან და შესაბამისად, დიდი შანსია პსჟ-ს პლეი-ოფის პირველ სტადიაზე რთული მეტოქე ჰყავდეს. მიუხედავად ამისა, ძნელად სავარაუდოა ფრანგებმა თამაში ამის შიშით ძალით დათმონ. სხვა თუ არაფერი, არაპროფესიონალური მიდგომა იქნება. “ლუდოგორეცს” კი ქულები ძალიან სჭირდება. ბულგარეთის ჩემპიონს შანსი აქვს ევროპა ლიგის საგზური მოიპოვოს, ამისთვის კი საჭიროა, “ბაზელმა” ვერ გაასწროს. გარკვეულწილად გეორგი დერმენდჟიევის გუნდი დამოკიდებულია შვეიცარიულ გუნდზე, რადგან თუ თვითონ წააგებს, მაშინ “ბაზელმაც” ვერ უნდა აიღოს ქულა “არსენალთან”.

პსჟ-ს ლიგა 1-ის ბოლო ტურში ძალიან ცუდად ითამაშა და “მონპელიესთან” 0:3 წააგო. შესაბამისად, სატურნირო ცხრილში სიტუაცია კიდევ უფრო გაირთულა. “ლუდოგორეცს” კი მშვენიერი სერია გააჩნია – 1 ნოემბრიდან მოყოლებული აღარ წაუგია.

მასპინძლებს დღეს მარკო ვერატი, ადრიან რაბიო და ხავიერ პასტორე დააკლდებათ, ხოლო სტუმრებს ვიტინია. ამ გუნდთა პირველი მატჩი ფრანგებმა 3:1 მოიგეს, მეტჯერ კი ერთმანეთში არც უთამაშიათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

6 დეკემბერი, 23:45 საათი

პსჟ (4-3-3): არეოლა; ორიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი; ტიაგო მოტა, კრიხოვიაკი, მატუიდი; ლუკასი, კავანი, დი მარია

მწვრთნელი: უნაი ემერი

“ლუდოგორეცი” (4-2-3-1): სტოიანოვი; სისინიო, მოცი, პალომინო, ნათანიელი; დიაკოვი, ანისე; მარსელინიო, ვანდერსონი, კაფუ; კეშერუ

მწვრთნელი: გეორგი დერმენდჟიევი

მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

“ბაზელი” – “არსენალი”

რაც წინა მატჩზე ვთქვით, იგივე შეიძლება ითქვას, “ბაზელისა” და “არსენალის” შეხვედრაზე – ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დღევანდელი მატჩის მონაწილენი უფრო აუტსაიდერთა რიგებში არიან. “არსენალი” ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაშია და ლიგის თასზე “საუთჰემპტონთან” მარცხს თუ არ ჩავთვლით, თამაშს თამაშზე იგებს. ძალზე შთამბეჭდავი ფორმაშია ალექსის სანჩესი, რომელმაც სამი დღის წინ, “ვესტ ჰემს” ჰეთ-თრიქი შეუსრულა. “ბაზელმა” კი, თავის მხრივ მოულოდნელად წააგო ბერნის “იანგ ბოიზთან”. შვეიცარიელებს დღეს როგორც მინიმუმ ქულის მოპოვება მაინც მართებთ, თუ მესამე ადგილზე გასვლა სურთ. “არსენალმა” კი რომც მოიგოს, შესაძლოა, ისე მოხდეს, მეორე ადგილს მაინც ვერ ასცდეს.

დღევანდელ შეხვედრაში “მეთოფეთა” დანაკლისი გაცილებით დიდია: კოკელნი, დებუში, ბელერინი, კასორლა, მერტესაკერი და უელბეკი დააკლდებათ, ხოლო შვეიცარიის ჩემპიონს მხოლოდ სპორარის იმედი არ ექნება.

“არსენალისა” და “ბაზელის” ურთიერთშეხვედრათა ისტორიას ოდენ ერთი მატჩი ახსოვს: სექტემბერში, ინგლისში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაზელი, “სენტ იაკობს პარკი”

6 დეკემბერი, 23:45 საათი

“ბაზელი” (4-2-3-1): ვაცლიკი; ლანგი, სუხი, ბალანტა, ტრაორე; ჯაკა, ზუფი; ბიარნასონი, დელგადო, სტეფენი; დუმბია

მწვრთნელი: ურს ფიშერი

“არსენალი” (4-2-3-1): ოსპინა; გაბრიელი, კოშელნი, მუსტაფი, გიბსი; ელნენი, ჯაკა; რემზი, იოზილი, სანჩესი; ჟირუ

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მსაჯი: მანუელ დე სოუსა (პორტუგალია)

B ჯგუფი

“ბენფიკა” – “ნაპოლი”

“ბენფიკასა” და “ნაპოლის” დაპირისპირება დღევანდელ სათამაშო დღეს ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. ყოველშემთხვევაში სატურნირო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ ამ მატჩს ახლავს თან. ორივე გუნდს 8 ქულა აქვს და დღეს დამარცხებული დიდი ალბათობით პლეი-ოფს მიღმა დარჩება. მოგებული კი, თავის მხრივ პირველ ადგილს დაიბევებს. თუ თამაში ფრედ დასრულდება, მაშინ მერვედფინალში გარანტირებულ ადგილს “ნაპოლი” მიიღებს, რადგან იტალიაში მოგებული აქვს 4:2.

გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ მომდევნო ეტაპზე ორივე გუნდი გავიდეს. ეს, იმ შემთხვევაში თუ კიევში, “ბეშიქთაში” წააგებს, ლისაბონურ შეხვედრას აზრი დაეკარგება.

ბოლო ტურებში “ნაპოლი” მაინცდამაინც კარგ ფორმაში ვერაა. მიუხედავად იმისა, რომ მაურიციო სარის გუნდი არ აგებს, მანც მძიმედ გამოიყურება. ჩემპიონთა ლიგაზე კი მეორე ტურის შემდგომ არ მოუგია, თორემ ახლა პლეი-ოფში თამაში განაღდებული ექნებოდა. “ბენფიკა” პირიქით – სწორედ “ნაპოლისთან” მარცხის მერე მოვიდა გონს და ქულების დაგროვება დაიწყო. რუი ვიტორიას გუნდმა წინა ტურში პატარა შოკი გადაიტანა, რადგან სტამბულში “ბეშიქთაშს” 3:0 უგებდა, მაგრამ საბოლოოდ თურქეთიდან მხოლოდ ქულა წამოიღო. პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში კი, მოულოდნელად “მარიტიმოსთან” წააგო – 1:2.

დღევანდელ შეხვედრაში იტალიელებს არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმარებათ, ხოლო ლუზიტანელებს გრიმალდო, ანდრე ჰორტა, ელიზეუ და ჟონასი.

აქამდე “ნაპოლი” და “ბენფიკა” ერთმანეთს 3-ჯერ შეხვედრილან: ორჯერ იტალიელებმა მოიგეს, ერთხელ პორტუგალიელებმა. ეს გამარჯვებაც “და ლუჟის” სტადიონზე მოდის 2008 წელს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლისაბონი, “და ლუჟი”

6 დეკემბერი, 23:45 საათი

“ბენფიკა” (4-4-2): ედერსონი; ნელსონ სემედო, ლუიზაო, ლინდელოფი, ალმეიდა; სალვიო, ფეისა, პიცი, ჩერვი; გუედეში, მიტროღლუ

მწვრთნელი: რუი ვიტორია

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი, დიავარა, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

“დინამო” – “ბეშიქთაში”

სტამბულის “ბეშიქთაშს” გადასარევი შანსი აქვს მერვედფინალში გავიდეს. ამისათვის კი თურქეთის ჩემპიონს კიევში, ჯგუფის ღრმა აუტსაიდერის “დინამოს” დამარცხება მართებს. ასეთ შემთხვევაში შენოლ გიუნეშის გუნდი პარალელური მატჩის შედეგის მიუხედავად, პლეი-ოფის საგზურს მიიღებს. მაგრამ თუ თურქები წააგებენ, მხოლოდ ევროპა ლიგით მოუწევთ თავის დამშვიდება. ფრის შემთხვევაში კი, შანსი მაინც ექნებათ – ოღონდ “ნაპოლიმ” უნდა წააგოს ლისაბონში. მოკლედ, ბევრი ვარიანტია და ვინ გავა ამ ჯგუფიდან მხოლოდ თამაშების დასრულების შემდეგ თუ გავიგებთ. თავის მხრივ “დინამოსთვის” შეხვედრას მხოლოდ პრესტიჟის ხასიათი აქვს, რადგან ბოლო ადგილს მაინც ვერ გასცდება.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს ტიმჩუკი, დანილო სილვა, ფედორჩუკი არ ეყოლებათ, ხოლო ჩანერ ერკინი, როდოლფო და ტალისკა დააკლდებათ.

აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს 9-ჯერ შეხვედრილან და “არწივები” დიდ უპირატესობას ფლობენ: 5 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები:

კიევი, “ოლიმპიისკი”

6 დეკემბერი, 23:45 საათი

“დინამო” (4-1-4-1): რუდკო; მოროზიუკი, ხაჩერიდი, ვიდა, მაკარენკო; რიბალკა; იარმოლენკო, სიდორჩუკი, გარმაში, ციგანკოვი; ჟუნიორ მორაეში

მწვრთნელი: სერგეი რებროვი

“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ფაბრი; გონული, მარსელო, ტოშიჩი, ბეკი; არსლანი, ჰატჩინსონი; კვარეჟმა, ოზიაკუპი, ადრიანო; აბუბაკარი

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

C ჯგუფი

“ბარსელონა” – “გლადბახი”

აღნიშნულ არსებითად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს: “ბარსელონა” ჯგუფში იპირველებს, “გლადბახი” ევროპა ლიგის საგზურის მფლობელია. და მაინც, “ბარსას” პრესტიჟი აქვს დასაცავი. სხვა თუ არაფერი ლა ლიგაში უკვე სამი ტურია არ მოუგია და ეგაც რომ არა, ბოლო ტურში შინ “რეალს” ვერ მოუგო. შესაბამისად, გულშემატკივართა თვალში რეაბილიტირება მართებს. იგივე შეიძლება ითქვას “გლადბახზე”, რომელიც ბუნდესლიგაში ცუდად გამოდის და ბოლო ტურში “დორტმუნდთან” განადგურდა – 1:4.

დღევანდელ მატჩში მასპინძლებს ნეიმარი, რაკიტიჩი და მატიე ვერ დაეხმარებათ, ხოლო გერმანელებს სტინდლი, ტრაორე, დომინგესი, შულცი და დრმიჩი.

“ბარსელონა” “გლადბახს” ერთადერთხელ შეხვედრია: სამი თვის წინ, გერმანიაში “ბლაუგრანამ” 2:1 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

6 დეკემბერი, 23:45 საათი

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; რობერტო, მასკერანო, უმტიტი, ალბა; დენის სუარესი, გომესი, ინიესტა; მესი, სუარესი, ალკასერი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

“გლადბახი” (3-2-3-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, სტრობლი; კორბი, ვენდტი, კრამერი, დაჰუდი, ჯონსონი; აზარი, რაფაელი

მწვრთნელი: ანდრე შუბერტი

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

“მანჩესტერ სიტი” – “სელტიკი”

ამავე ჯგუფის მატჩია “მანჩესტერ სიტი” – “სელტიკიც” და შესაბამისად, ისიც ყოველგვარი მოტივაციის გარეშე გაიმართება. ერთი ეგაა, ბრიტანული დერბია და “სიტისაც” დასამტკიცებელი აქვს ბევრი რამ: პირველ ყოვლისა ის, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი ლიგაზე ვერ თამაშობს რიხიანად, ამასთან ბოლო ხანებშიც მოუხშირა წაგებებს. მათ შორის, ბოლო ტურშიც წააგო პრემიერლიგაში უშუალო კონკურენტ “ჩელსისთან”, თან საკუთარ მოედანზე.

“სელტიკს” კი შეუძლია კარი გაიჯახუნოს. სხვა ვერაფერს მოახერხებს. ბრენდად როჯერსის გუნდმა პირველ წრეში “სიტი” გააწამა და ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ ვერ შესძლო და მხოლოდ ფრეს, 3:3 დასჯერდა.

დღევანდელ მატჩში ინგლისელებს ფერნანდინიო და კომპანი, ხოლო შოტლანდიელებს სინკლერი, ოკონელი და ტიერნი დააკლდებათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

6 დეკემბერი, 23:45 საათი

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): კაბალერო; მაფეო, ზაბალეტა, ადარაბიო, კლიში; ფერნანდო, დელფი; ნოლიტო, იენაჩო, სანე; აგუერო

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“სელტიკი” (4-4-2): გორდონი; ლუსტიგი, სვიატჩენკო, სიმუნოვიჩი, იზაგუერე; რობერტსი, ბრაუნი, არმსტრონგი, ფორესტი; როგიჩი, დემბელე

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

D ჯგუფი

“ბაიერნი” – “ატლეტიკო”

“ბაიერნი” ჯგუფში მეორეა, “ატლეტიკო” – პირველი. ასე იქნება მეექვსე ტურის შემდგომაც, როგორც არ უნდა დასრულდეს მიუნხენური შეხვედრა. თუმცა, ერთია წმინდა სატურნირო მდგომარეობა, მეორე თავმოყვარეობა. და სწორედაც, რომ გერმანული გიგანტის თავმოყოვარეობასთან გვექნება დღეს საქმე: “ატლეტიკომ” “ბაიერნი” შარშან ნახევარფინალში დაამარცხა (სტუმრად გატანილი გოლის წყალობით) და ფინალს მიღმა დატოვა. ახლა კი, მადრიდში სძლია და ჯგუფში პირველი ადგილი ნაადრევად ააცალა ხელიდან.

საერთო ჯამში აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრილან და სრული თანაფარდობაა: 2-2 მოგება და 1 ფრე. უბრალოდ, მიუნხენურ გიგანტს უკეთესი ბურთების შეფარდება გააჩნია.

ბოლო პერიოდში ვერცერთი გუნდი ფორმის პიკზე ვერაა და შიდა ჩემპიონატებში პატარ-პატარა პრობლემები აქვთ. ისე კი, “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიულ სეზონს ატარებს: პირველად მოახერხა ჯგუფში ხუთიდან ხუთი თამაშის მოგება.

დღევანდელ მატჩში მასპინძლებს ბოატენგი დააკლდებათ, ხოლო ესპანელებს ტიაგო, ფილიპე ლუისი, აუგუსტო და ჩერჩი არ ეყოლებათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

მიუნხენი, “ალიანს არენა”

6 დეკემბერი, 23:45 საათი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; რაფინია, მარტინესი, ჰუმელსი, ბერნატი; ლამი, სანჩესი; დუგლას კოშტა, მიულერი, რობენი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ვრსალიკო, ხიმენესი, სავიჩი, ლუკას ერნადესი; გაიტანი, საული, კოკე, კარასკო; კორეა, ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: კლენემ ტურპინი (საფრანგეთი)

“პსვ ეინდჰოვენი” – “როსტოვი”

“ბაიერნი” – “ატლეტიკოსთან” განსხვავებით, პსვ – “როსტოვის” მატჩს დიდი დატვირთვა აქვს სატურნირო თვალსაზრისით. ამჟამად რუსეთის ვიცე-ჩემპიონი 3 ქულით უსწრებს ჰოლანდიის ჩემპიონს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს: თუ დღეს, ფილიპ კოკუს გუნდი მოიგებს, ავტომატურად გადავა მესამე ადგილზე და ევროპა ლიგის საგზურს მიიღებს. შესაბამისად, ივან დანილიანცის გუნდის მიზანი “ფილიპს არენაზე” არწაგებაა. “როსტოვი” შარშანდელივით გადასარევად ვერ თამაშობს, მაგრამ ორი კვირის წინ ხმაურიანი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, სძლია რა, შინ მიუნხენის “ბაიერნს”. პსვ-მ კი წელს ვერც ლიგაზე ივარგა და და ვერც ერედივიზიონში ყოჩაღობს მაინცდამაინც. ფილიპ კკოკუს გუნდი მოგეხსენებათ შარშან მერვედფინალში გავიდა და იქაც მომავალ ფინალისტ “ატლეტიკოსთან” მხოლოდ პენალტების სერიაში წააგო. თუმცა, ეს ერთი წლის წინ იყო, ახლა მათ წინაშე სხვა ამოცანაა გადაშლილი და მას “როსტოვის” დამარცხება ჰქვია. ვნახოთ, რა გამოუვათ ჰოლანდიელებს.

აქამდე პსვ – “როსტოვი” ერთადერთხელ, სამი თვის წინ, რუსეთში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

დღევანდელ მატჩში “როსტოვს” არავინ, ხოლო “ეინდჰოვენს” ვილემსი, გუარდადო, ჰენდრიქსი და ლოკადია დააკლდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

ეინდჰოვენი, “ფილიპს არენა”

6 დეკემბერი, 23:45 საათი

“პსვ ეინდჰოვენი” (4-3-3): ზუტი; არიასი, მორენო, ისიმატ-მირინი, ბრენეტი; პროპერი, სიმ დე იონგი, რამსელაარი; პერეირო, ლუკ დე იონგი, ზინჩენკო

მწვრთნელი: ფილიპ კოკუ

“როსტოვი” (5-3-2): ჯანაევი; კალაჩევი, მევლია, ნავასი, გრანატი, კუდრიაშოვი; გაცკანი, ნობოა, ეროხინი; პოლოზი, აზმუნი

მწვრთნელი: ივან დანილიანცი

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

0.362755