ვისაც მიაჩნდა, რომ ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, შეცდა. როგორც ფეხბურთელის აგენტმა და ძმამ, რობერტო ასისმა განაცხადა, “გაუჩოს” შემოთავაზებების მთელი სია აქვს.
“ჩვენ გვინდა, რომ ამ რთულ მომენტში “შაპეკოენსეს” გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ. გვინდა, რომ აღნიშნული რთული პერიოდი გადავატანინოთ. თუმცა, გვაქვს კონტაქტი რამდენიმე ბრაზილიურ გუნდთან, რომლებიც კოპა ლიბერტადორესზე გამოდიან, ასევე, წინადადებები გვაქვს აშშ-დან, ჩინეთიდან და ევროპიდანაც”, - განაცხადა რობერტო ასისმა.
შეგახსენებთ, რონალდინიო თითქმის ერთი წელია უგუნდოდ იმყოფება. “შაპეკოენსეს” ტრაგედიის შემდგომ კი, მან სურვილი გამოთქვა უსასყიდლოდ 6 თვე ეთამაშა ამ გუნდში. მეტიც, გუშინ, რამდენიმე საინფორმაციო გამოცემამ გაავრცელა ცნობა, თითქოს ბრაზილიელი უკვე შეუერთდა “შაპეს”. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურდა.