საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-2 ეტაპი ლატვიაში, სადაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 5-დან 4 შეხვედრა მოიგო და ქალაქ ვალმეირაში შეკრებილ გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
მეორე ეტაპზე ქართველებს 3 მოგების წილ 1 მარცხი ჰქონდათ და ბოლო მატჩში მასპინძელ „ვალმეირას“ ხვდებოდნენ, რომელიც წინა ოპონენტების მსგავსად იოლად დაამარცხეს. ჩერქეზიშვილის გუნდმა საბოლოოდ 74:54 სძლია მასპინძლებს და მეორე ეტაპის საუკეთესო გუნდის ტიტულიც დაისაკუთრა.
ვალმეირელებთან მატჩში 17 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი ალექსანდრე ფევაძემ დააფიქსირა, რომელმაც ჩვენიანთაგან მარგი ქმედების ყველაზე მაღალი (25) კოეფიციენტი დააგროვა. ორმაგი დუბლი მიითვალა დავით აფხაზავამაც, რომელმაც 11 ქულას 10 პასს, 5 ჩაჭრაც მოაყოლა. საბოლოოდ აფხაზავა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშე ცალკე დასახელდა და ის გიორგი კორსანტია გახდა, რომელმაც „ვალმეირას“ წინააღმდეგ 16 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. აფხაზავაც და კორსანტიაც მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებთან ერთად დააჯილდოვეს.
2 ეტაპის ჯამში საქართველოს ნაკრებს 6 მოგება და 4 მარცხი აქვს. დარჩენილია 1 ეტაპი და მისი 5 მატჩი, რომელთა გამარჯვების შემთხვევაშიც ქართველებს პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს, თუმცა იმაზეც უფრო ვართ დამოკიდებული, როგორ ითამაშებენ კონკურენტები.
ევროპის ლიგის მე-3 ეტაპი 23-26 თებერვალს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართება.
ვალმეირა - საქართველო 54:74 (სტატისტიკა)
gbf.ge