ფეხბურთი

15:41 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: პლეი-ოფი სიურპრიზების გარეშე 

დასრულდა პირველი ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპი. პირველი მატჩები სამი დღის წინ გაიმართა, ამჯერად კი საპასუხო შეხვედრები შედგა და მოულოდნელი შედეგები არ მოუტანია, ფავორიტები გავიდნენ.

"მეშახტემ" "ჭიათურას" ამჯერად 2:0 სძლია და ორი მატჩის ჯამში - 6:1. ტყიბულელებს ამ ეტაპის გადალახვა არ გასჭირვებიათ.

იგივე შეიძლება ითქვას მარტვილის "მერანზე", რომელმაც სტუმრად 1:0, მაგრამ შინ უკვე 6:0 სძლია ვანის "სულორს". მარტვილელებმა მეორე ტაიმში არ დაინდეს მეტოქე და 5 გოლი გაუტანეს.

"ბორჯომმა" "ლიახვთან" პირველი შეხვედრა 1:1 დაასრულა, მეორეში კი კითხვები არ დატოვა - 7:0 მოიგო.

ყველაზე თანაბარი წყვილი იყო "სქური"-"კოლხეთი". წალენჯიხელებმა პირველ მატჩში სტუმრად 2:1 მოიგეს, წალენჯიხაში კი დღეს თამაში 79-ე წუთზე შეწყდა და საბოლოოდ ჩაიშალა, რისი მიზეზიც "კოლხეთის" ფეხბურთელის მიერ მსაჯისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა. მომხდარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტი განიხილავს.

მეშახტე (ტყიბული) - ჭიათურა 2:0 (პირველი მატჩი 4:1)

გოლები: 1:0, 2:0 ტიელიძე (14, 40)

სქური (წალენჯიხა) - კოლხეთი (ხობი) ჩაიშალა (პირველი მატჩი 2:1)

ბორჯომი - ლიახვი (ცხინვალი) 7:0 (პირველი მატჩი 1:1)

გოლები: 1:0, 2:0 ციცხვაია (17, 36), 3:0 ტორონჯაძე (50), 4:0 ბაჰლი (63), 5:0 ტორონჯაძე (81), 6:0 ბურძენაძე (86), 7:0 ბაჰლი (88)

მერანი (მარტვილი) - სულორი (ვანი) 6:0 (პირველი მატჩი 1:0)

გოლები: 1:0 ციმაკურიძე (38), 2:0 შულაია (55), 3:0, 4:0 შოთა ჯიქია (67, 77), 5:0 ქანთარია (78), 6:0 საბანაძე (87)

5 და 9 დეკემბერს გაიმართება პლეი-ოფის მეორე ეტაპის მატჩები. წყვილები ასეთია: "მერანი" - "ბორჯომი"; "სქური" - "მეშახტე".

წყვილებში გამარჯვებულები პროლიგა2-ში დარჩებიან, ხოლო წაგებულები გავარდებიან ეროვნული ლიგა1-ში (ანუ რანგით მესამე ლიგაში).

როგორც იცით, პროლიგა2-ში დარჩნენ "ვიტ ჯორჯია", "გაგრა", "რუსთავი" და "სამგურალი". გასარკვევია კიდევ ორი პირველლიგელი, რომლებიც ადგილს შეინარჩუნებენ. მათ დაემატებათ უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი 4 გუნდიც. ორი უკვე ცნობილია ("ცხინვალი", "ზუგდიდი"), ორიც 6 დეკემბერს გაირკვევა პლეი-აუტების საპასუხო შეხვედრებში.

0.117615