დასრულდა ჭადრაკში ვაჟთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება ჩემპიონ მაგნუს კარლსენსა (ნორვეგია) და ტიტულის მაძიებელ სერგეი კარიაკინს (რუსეთი) შორის, რომელიც კარლსენმა მოიგო და ტიტული შეინარჩუნა.
აღნიშნული დაპირისპირება 12 კლასიკური პარტიისგან შედგებოდა და ეს ეტაპი ფრედ- 6,0:6,0 დასრულდა. კარლსენმა და კარიაკინმა თითო პარტია მოიგეს, დანარჩენი 10 კი ყაიმით დაამთავრეს.
გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელიც რაპიდით დაიწყო. ზედიზედ ორი ყაიმის შემდეგ, კარლსენმა ზედიზედ ორი პარტიის მოგება შეძლო, გაიმარჯვა 3:1 და ზედიზედ მესამედ გახდა კლასიკურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი.
გუშინ კარლსენს 26 წელი შეუსრულდა, ანუ გამოდის, რომ მან საკუთარ თავს ისეთი საჩუქარი გაუკეთა, რომ უკეთესს ვერც ინატრებდა.
კარლსენი 13 წლის ასაკში გახდა საერთაშორისო დიდოსტატი, 19 წლისა ფიდეს რეიტინგს ლიდერობდა, 22 წლის ასაკში კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ვაჟთა შორის იგი ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია გარი კასპაროვის შემდეგ.
რაც შეეხება სერგეი კარიაკინს, მართალია, დამარცხდა, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. რეიტინგიდან გამომდინარე, იმდენად დიდი იყო კარლსენის უპირატესობა, რომ მისგან მატჩის ტაი-ბრეიკში გადაყვანა დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს.