უმაღლესი ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩები ისე დასრულდა, რომ მეორე თამაშების წინ ინტრიგა დარჩა. "ტორპედომ" ქუთაისში 2:1 სძლია ბათუმის "დინამოს", 2:0-ს იგებდა და ბათუმელთაგან თემურ შონიამ თავურით გაიტანა ერთი საპასუხო ბურთი, რამაც ზღვისპირელებს შანსი დაუტოვა.
"ტორპედო" უკეთ თამაშობდა და ანგარიშიც ლოგიკური იყო. გოლებს რაც შეეხება, გუგა ფალავანდიშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი შოთა ბაბუნაშვილმა აქცია გოლად და ტაიმი 1:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის შუაში გიორგი ქიმაძემ თავისივე დაწყებული შეტევა დაასრულა ზუსტი დარტყმით: კედელი გაითამაშა თორნიკე კაპანაძესთან და საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში დაარტყა. მერე კი იყო შონიას გოლი.
ქუთათურებს ისედაც განაღდებული აქვთ ევროსაგზური, რადგან საქართველოს თასი მოიპოვეს.
მეორე წყვილში "საბურთალომ" ფრედ ითამაშა თბილისის "დინამოსთან" - 0:0. საბურთალოელებს აკლდათ დისკვალიფიცირებული გიორგი ხარაიშვილი, რომელიც გუნდის ლიდერია. თავის მხრივ, "დინამოსაც" არ ჰყავდა რენე და გიორგი პაპუნაშვილი.
სხვათა შორის, საწყის 15-20 წუთში "საბურთალო" უფრო აქტიურობდა. გიორგი ფანცულაიამ და ვაგნერმაც სიზუსტე ვერ მოზომეს, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ესპანელმა სანტი ხარამ კარგი პასი გაუკეთა ფანცულაიას და ზაზა ჭელიძეს რომ არ ეყოჩაღა, ფანცულაია მეკარესთან პირისპირ დარჩებოდა.
შემდეგ "დინამოც" გააქტიურდა, თუმცა საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა. კარგი იყო საბურთალოელთა დაცვა და მეკარე ოთო გოშაძეც მშვიდად იდგა. მეორე ტაიმი ვერ გამოდგა კარგი საყურებელი, დინამოელები თითქოს მეტხანს ფლობდნენ ბურთს, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდნენ, ხოლო "საბურთალოდან" ყველაზე აქტიურნი მაინც ლეგიონერები, ელვინ ტერა, სანტი ხარა და ვაგნერი იყვნენ. სწორედ ვაგნერის დარტყმულის შენდეგ ნუკრი რევიშვილმა კარგი რეაქცია გამოავლინა.
ორივე მატჩის წინ, კლუბებმა კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
"საბურთალო" (თბილისი) - "დინამო" (თბილისი) 0:0
საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი (კარასკო 87), ტერა, ნადარაია (კოხრეიძე 67), ვაგნერი, ფანცულაია (ფრანსისკო გარსია 66), სანტი ხარა
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
დინამო: რევიშვილი, საბა ლობჟანიძე, ჭელიძე, ხუბუტია, ლოჩოშვილი, ცინცაძე, ზარია (ჩაკვეტაძე 56), კიტეიშვილი, მიქელთაძე, ჯიღაური, დვალიშვილი (თევზაძე 46, ნინუა 83)
მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი
"ტორპედო" (ქუთაისი) - "დინამო" (ბათუმი) 2:1 (1:0)
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, ბურჯანაძე (ფურცხვანიძე 57), ფალავანდიშვილი, ბაბუნაშვილი (ნერგაძე 73), საღრიშვილი (ბენაშვილი 66), ტუღუში, კაპანაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დინამო: ტიმოფეევი, ტვილდიანი, კვირკველია, გოგიტიძე, სუხიაშვილი, გეგეჭკორი (მარიანოვიჩი 84), თარხნიშვილი, შონია, ვარშანიძე (გორელიშვილი 46), ქავთარაძე (ფონიავა 46), ელგუჯა ლობჟანიძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გოლები: 1:0 ბაბუნაშვილი (28 პენ), 2:0 ქიმაძე (65), 2:1 შონია (72)
საპასუხო მატჩები 4 დეკემბერს, შესაბამისად, თბილისის "დინამო არენასა" და ქობულეთის "ჩელე არენაზე" გაიმართება.
ისე, თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" შორის გასულმა, შესაძლოა, პირდაპირ გაინაღდოს ევროსაგზური. ეს იმ შემთხვევაში, თუ მეორე წყვილში "ტორპედო" გავა... ფლეი-ოფის ფინალი ყველა ვარიანტში შედგება, მაგრამ მხოლოდ ადგილებიღა განაწილდება.