ფეხბურთი

15:49 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია"-"ჩიხურა": ვინ ვის წინააღმდეგ

იმერეთის ორ ქალაქს ჰყოლია საქართველოს ჩემპიონი, ეს სამჯერ მოახერხა ქუთაისის "ტორპედომ" და ორჯერ "ზესტაფონმა". იმერეთის კიდევ ერთი ქალაქი 11 დეკემბერს ქვეყნის ჩემპიონობას იზეიმებს, ოღონდ გასარკვევია, ქვემო თუ ზემო იმერეთისა. ან საჩხერის "ჩიხურა", ან "სამტრედია"... 3 და 11 დეკემბერს საჩემპიონო პლეი-ოფის თამაშები შედგება: ჯერ სამტრედიაში "ეროსი მანჯგალაძეზე", მერე კი თბილისში "მიხეილ მესხზე".

წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

ექს-ჩიხურელები "სამტრედიაში"

31 წლის გიორგი დათუნაიშვილი 2013/2014 წლების სეზონში "ჩიხურას" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. "ვიტ ჯორჯიადან" დაწყებული, დათუნაიშვილი ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი სტაბილური ფეხბურთელია. დაუღლელი ნახევარმცველი, რომელიც შეტევაშიც და დაცვაშიც ერთნაირად სასარგებლოა.

გემახსოვრებათ, როცა "ჩიხურამ" ორი ეტაპი გაიარა ევროპის ლიგაზე და მათ შორის, თურქული "ბურსასფორი" გამოთიშა. დათუნაიშვილი იმ მატჩებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ასევე ცენტრალურმა ნახევარმცველმა გია მანჯგალაძემ 8 მატჩი ჩაატარა "ჩიხურაში", შემდეგ იყო "სიონში", ეს სეზონი კი "სამტრედიაში" დაიწყო და კარგადაც თამაშობს.

ექს-სამტრედიელები "ჩიხურაში"

2014/2015 წლებში ლევან კაკუბავა "სამტრედიაში" იყო, 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა, იქიდან "ცხინვალში" გადავიდა, ხოლო ამ ზაფხულიდან "ჩიხურაშია".

ზუსტად ანალოგიური გზა გაიარა თორნიკე გორგიაშვილმა. მან "სამტრედიაში" ერთი სეზონის განმავლობაში 4 გოლი მიითვალა და ახლაც, მოკლე ჩემპიონატში ამდენივე გოლი გაიტანა. გორგიაშვილი საქართველოს 3-გზის ჩემპიონია, ორჯერ ეს მოახერხა "ზესტაფონის" შემადგენლობაში, ერთხელაც - თბილისის "დინამოში".

მარჯვენა მცველი თორნიკე გრიგალაშვილი ცოტა ხანს იყო "სამტრედიაში", მაშინ "ზესტაფონიდან" გადავიდა და მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა ჩემპიონატში.

გიორგი გაბედავა ასევე 2014/2015 წელს იყო "სამტრედიაში". იქიდან ბათუმის "დინამოში" წავიდა, ამ ზაფხულიდან კი ისევ ზემოიმერულ კლუბშია. ადრე გაცილებით შედეგიანი იყო, "ჩიხურამ" რომ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა (2014 წლის ზაფხულს), გოლები თითქმის სულ მას გაჰქონდა.

0.122244