ძიუდო

12:29 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ცირეკიძე: "ჭრიკიშვილის ახალ წონაში გადასვლა ალბათ გარდაუვალია”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის – ავთანდილ ჭრიკიშვილის ახალ წონით კატეგორიაში დამკვიდრება ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ აცნობა. სპეციალისტის განცხადებით, ეს საკითხი აქტუალურია და სპორტსმენის 90 კილოგრამთან შეგუების პროცესიც დაწყებულია, მაგრამ გამორიცხული არაა, ჭრიკიშვილმა წონა ისევ დაიკლოს და კიდევ ერთი სეზონი იჭიდაოს 81-ში.

შეგახსენებთ, 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიოს რეიტინგის ყოფილმა ლიდერმა, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების შემდეგ 90 კილოგრამში გადასვლა გადაწყვიტა. ახლახან, ახალ წონაში საქართველოს ჩემპიონატზეც გამოვიდა და დებიუტი უმალ ოქროს მედლით აღნიშნა, მაგრამ რომელ წონით კატეგორიაში იჭიდავებს 2017 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, სავარაუდოდ მოსამზადებელი პროცესისას, შეკრებებსა და საერთაშორისო ტურნირებზე გამოჩნდება.

"ავთოს 90 კილოგრამში გადასვლა ალბათ გარდაუვალია. უბრალოდ, წინასწარ ძნელია იმაზე საუბარი, ეს მომავალ სეზონშივე მოხდება თუ უფრო გვიან. დავაკვირდებით, ყველა დეტალს ავწონ-დავწონით და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ” – განაცხადა ირაკლი ცირეკიძემ.

0.114003