კალათბურთი

10:03 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით უსტიაშვილი: “ძლიერი ჯგუფია, მაგრამ სუსტები არც ჩვენ ვართ”

ევროპელი და მათ შორის ქართველი კალათბურთელებისათვის 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირია, რომლის ჯგუფურ ეტაპსაც ერთბაშად ოთხი სახელმწიფო ფინეთი, ისრაელი, რუმინეთი და თურქეთი უმასპინძლებს.

ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ისრაელისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც ამ ქვეყნის, უკრაინის, ლიტვის, იტალიისა და გერმანიის ნაკრებ გუნდებთან ერთად საქართველოს ნაკრები იასპარეზებს.

გასულ კვირაში გამართული კენჭისყრისა და ქართულ კალათბურთში მიმდინარე მოვლენების შესახებ worldsport.ge საქართველოს ,,ბ’’ ნაკრებისა და სუპერლიგის მონაწილე ,,ბათუმის’’ მთავარ მწვრთნელს, ვეტერან კალათბურთელ დავით უსტიაშვილს ესაუბრა.

- რა აზრის ხართ ,,ბ’’ ჯგუფზე, სადაც საქართველო მოხვდა?

- შეიძლება ითქვას, რომ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით.

- რომელ ნაკრებს თვლით ჯგუფის ფავორიტად?

- ლიტვას, რომელიც ყველა ტურნირზე სტაბილურად თამაშობს. დანარჩენი ხუთი გუნდიდან ყველას აქვს შანსი პირველ ოთხეულში მოხვდეს და მომდევნო ეტაპზე ითამაშოს. შეიძლება ითქვას, რომ ,,ბ’’ ჯგუფში აუტსაიდერი გუნდი არ არსებობს. ამის მიუხედავად, თუ ჩვენი ნაკრების ყველა კალათბურთელი ფორმაში იქნება ჯგუფური ეტაპის პირველ ოთხეულში მოხვედრა არ უნდა გაგვიჭირდეს. გულშემატკივართა მხარდაჭერის იმედიც უნდა გვქონდეს, რადგაც ისრაელთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ისრაელში მცხოვრები ქართველებიც მხარს დაგვიჭერენ.

-,,ბ’’ ნაკრებზეც გკითხავთ, რომელიც 2015- 2016 წლების სეზონის დასრულების შემდეგ შეიქმნა და მისი პირველი მთავარი მწვრთნელი თქვენ ხართ. რას იტყვით გაამართლა ამ ნაკრების შექმნამ?

- რა თქმა უნდა, გაამართლა. ,,ბ’’ ნაკრებში იმ კალათბურთელებს ეძლევათ თავის გამოჩენი შანსი, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ვერ ხვდებიან. ამით მათ კიდევ ერთხელ ეძლევათ შანსი, რათა ქვეყნის პირველ ნაკრებში თამაშის უფლება მოიპოვონ.

-,,ბათუმზეც“ვისაუბროთ, რა მოხდა ,,ოლიმპთან“ შეხვედრაში, რატომ არ დასრულდა თამაში?

- ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წამით ადრე , მაშინ როცა ანგარიში იყო 81:78 ჩვენს სასარგებლოდ, მსაჯმა ,,ოლიმპის“ ერთ-ერთი კალათბურთელი დააჯარიმა, რამაც გუნდის პროტესტი გამოიწვია, ამას მსაჯმა ტექნიკურიც მიაყოლა, რის შემდეგაც ,,ოლიმპმა’’ მოედანი დატოვა.

- თქვენი აზრით, ვინ იყო დამნაშავე ?

- მე თავს შევიკავებ, ამაზე ფედერაციის სადისციპლინო კომისია იმსჯელებს.

- რა არის ამ ჩემპიონატში ,,ბათუმის’’ მიზანი?

- პროგრამა მინიმუმი პირველ ოთხეულში თამაშია. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

0.122251