შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო და ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს საპრიზო სამეულები საწყის სამ წონით კატეგორიაში შეივსო.
უმსუბუქესი წონაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მესამედ, ფინალში ერთმანეთს ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაუპირისპირდნენ. 2013 წელს პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ჩხვიმიანი ავიდა. შარშან პაპინაშვილმა იმარჯვა. ამჯერად კი ოქროს მედალს ისევ ჩხვიმიანი დაეუფლა, ოღონდ ბრძოლის გარეშე - პაპინაშვილი ტატამზე აღარ გასულა. გადამწყვეტ ბრძოლამდე მან ივანე გაჩეჩილაძე, ილია შუბითიძე და დავით გეჯაძე ჩამოიშორა. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: გიორგი ბროლაშვილი და რობინზონ ბეგლარაშვილი.
66 კილოგრამში შიდა კონკურენციაში ყველას აჯობა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა. პირველ ნომრად განთესილმა გორელმა ძიუდოისტმა შეჯიბრება მეორე წრით გახსნა და თორნიკე ჭოველიძეს ვაზარით ჩამორჩენა იპონით შემოუტრიალა. შემდეგ მინდია ლილუაშვილსა და ვანო თოთლაძესაც სძლია. ფინალში კი ლაშა გიუნაშვილს უილეთო შეხვედრაში, ერთი შიდოს უპირატესობით (2:3) აჯობა.
დღის ბოლო შეხვედრა 73 კილოგრამის ფინალი იყო, რომელშიც ერთმანეთს წონაში პირველ და მეორე ნომრად განთესილი ძიუდოისტები: ნუგზარ ტატალაშვილი და ფრიდონ გიგანი დაეჭიდნენ. გიგანი ტატამზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და უმაღლეს ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
ტატალაშვილთან შეხვედრამდე ფრიდონ გიგანმა სამი მეტოქე დაამარცხა: აპოლონ ზურაბიანი, ზვიად კაპანაძე და გიგა გიგაური.
დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში ქვეყნის ჩემპიონ-პრიზიორები ხვალ გამოვლინდებიან.
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
26 ნოემბერი
60 კგ
1 ლუხუმ ჩხვიმიანი
2 ამირან პაპინაშვილი
3 გიორგი ბროლაშვილი
3 ზაქარია ბეგლარაშვილი
66 კგ
1 ვაჟა მარგველაშვილი
2 ლაშა გიუნაშვილი
3 თორნიკე თათარაშვილი
3 თორნიკე ნაგლიაშვილი
73 კგ
1 ფრიდონ გიგანი
2 ნუგზარ ტატალაშვილი
3 გიგა გიგაური
3 ომარ ნიაზაშვილი