დასრულდა უმაღლესი ლიგის ორივე ჯგუფის მატჩები და საბოლოოდ გაირკვა, რომელი გუნდები იბრძოლებენ ევროპის ლიგაზე გასასვლელად, ვინ გავარდა პირდაპირ და ასევე, ვინ ითამაშებს პლეი-აუტში, ანუ პროლიგა 1-ში დასარჩენად.
ვიაჩესლავ გროზნის მიერ გაწვრთნილმა თბილისის დინამოელებმა ქუთაისში სძლიეს თასის მფლობელ “ტორპედოს”. გროზნიმ მეტწილად ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა, სასტარტოში ჰყავდა 18 წლამდე ასაკის ჭაბუკები: ლოჩოშვილი, ზარია, ნინუა და კობოური, მერე კი ჩაკვეტაძე და კუციაც შეიყვანა.
“დინამომ” სათასო ნახევარფინალში შინ წააგო “ტორპედოსთან” (2:3), ამჯერად კი ქუთაისში იმარჯვა. 1990 წლიდან მოყოლებული, ეს იყო ამ გუნდების 63-ე დაპირისპირება: დინამოელებმა 32 მოიგეს, 16 ფრედ დაასრულეს და 15 წააგეს.
30-ე წუთზე გიორგი ზარიამ მშვენიერი გოლი გაიტანა და საბოლოოდ, ეს გოლი გადამწყვეტი გამოდგა. “დინამომ” დამაჯერებლად დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო
“ტორპედო” ჯგუფში მესამეზე დარჩა, რადგან თბილისის “ლოკომოტივმა” ვერ მოიგო...
“დინამო”პლეი-ოფში “საბურთალოს” შეხვდება, ხოლო “ტორპედო” - ბათუმის “დინამოს”.
ტორპედო (ქუთაისი) - დინამო (თბილისი) 0:1
ტორპედო: ქვილითაია, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ბურჯანაძე (კვრნაძე 64), გურული, ფალავანდიშვილი, ბენაშვილი (წილოსანი 70), ქიმაძე, ტუღუში, საღრიშვილი (ბაბუნაშვილი 56), კაპანაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დინამო: ლომაია, კობოური, ხუბუტია, ჭელიძე, ლოჩოშვილი, ნინუა (ჩაკვეტაძე 61), ჯიღაური, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი (კუცია 88), ზარია, მიქელთაძე (თევზაძე 80)
მწვთნელი: ვიაჩესლავ გროზნი
გოლები: 0:1 ზარია (30)