სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ქართველმა სეკიტორებმა სეზონის ბოლო ბაშოზე მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს. ფინიშამდე ორი ტურით ადრე ლევან გორგაძისა (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუ) ანგარიშზე დადებითი ბალანსია.
დღეს გამართულ მე-13 ტურში, ელიტარულ დივიზიონში, მე-6 მაეგაშირად წოდებულმა გორგაძემ "იმპერატორის თასისთვის” მებრძოლ ოძეკი კისენოსატოს აჯობა და მე-9 ქულა მიითვალა. ტოჩინოშინს საბოლოო დადებითი ბალანსი - კაჩი-კოში ისედაც განაღდებული ჰქონდა. დღევანდელი წარმატებით კი სამომავალსეზონოდ პირადი რეიტინგის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება გაინაღდა.
თეიმურაზ ჯუღელმა გაცილებით მნიშვნელოვანი ქულა აიღო. 199-კილოგრამიანმა ქართველმა გოლიათმა, რომელიც მიმდინარე სუპერტურნირზე მე-16 მაეგაშირას რანგში გამოდის, მე-7 მაეგაშირა ტაკანოივას სძლია და 7 მოგება და 6 წაგება დაუგროვდა. მაკუუჩიში ადგილის შესანარჩუნებლად გაგამარუს ბაშოზე მინიმუმ 8 ქულის აღება სჭირდება. შესაბამისად, დარჩენილი ორი ბრძოლიდან ერთი მაინც უნდა მოიგოს.
26 ნოემბერს, ბოლოსწინა ტურში გორგაძე და ჯუღელი ერთმანეთის პირისპირ დადგებიან.