ნოემბრის ბაშოზე მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა და უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ქართველებმა წყვილად იმარჯვეს.
ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ, რომელიც სეზონის ბოლო სუპერტურნირს მე-6 მაეგაშირას რანგში ატარებს, მე-13 მაეგაშირა იჩინოჯოს აჯობა, 8 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა და სეზონის დასკვნით სუპერტურნირზე საბოლოო დადებითი ბალანსი – კაჩი-კოში ვადაზე ადრე გაინაღდა. შესაბამისად, მომავალ სეზონს გაუმჯობესებული პირადი რეიტინგით შეხვდება.
ელიტარულ დივიზიონში დასარჩენად იბრძვის გაგამარუდ წოდებული თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც დოჰიოზე მე-16 მაეგაშირას რანგში ადის და თუ მიმდინარე ბაშოზე მინიმუმ რვა შეხვედრა არ მოიგო, მეორე – ძურიო დივიზიონში დაქვეითება ემუქრება.
დღეს გაგამარუ მე-10 მაეგაშირა ტიოშომას დაეჭიდა, დაამარცხა და ფინიშამდე სამი ტურით ადრე 6-6 მოგება და წაგება დაუგროვდა.
ხვალ გასამართ მე-13 ტურში ტოჩინოშინი ოძეკი კისენოსატოს დაუპირისპირდება, რომელიც 10 ქულით იმპერატორის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს, გაგამარუს მეტოქე კი მე-7 მაეგაშირა ტაკანოივა იქნება.