ფეხბურთი

17:19 | 24.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტამბულის ეფექტი...

არც ერთი იყო “მილანი” და არც მეორე “ლივერპული” – არც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყოფილა, მაგრამ იყო სტამბული და იყო საოცარი ქამ-ბექი. ფეხბურთი ალბათ პირველ ყოვლისა იმითაა საინტერესო, რომ არაპროგნოზირებადი სპორტის სახეობაა და სანამ საფინალო სასტვენი არ გაისმება, გამარჯვება არ უნდა დაიჯერო. და მაინც, თანამედროვე ფეხბურთში იშვიათად შეხვდებით ისეთ ფაქტს, როცა გუნდი სამბურთიანი უპირატესობით იგებს, მაგრამ თამაში რომ დასრულდება, აღნიშნული ფორისგან შერჩენილი არაფერია ხოლმე.

მითუმეტეს თუ საქმე ისეთ პრესტიჟულ და სახელოვან გათამაშებას ეხება, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა – ამ ტურნირზე გუშინ “ვოდაფონ არენაზე” ლისაბონის “ბენფიკა” “ბეშიქთაშს” სამბურთიანი უპირატესობით გაექცა პირველი ტაიმის მერე, მაგრამ სლოვენიელმა დამირ სკომინამ მატჩის დასრულების ნიშანი რომ მისცა, ტაბლოზე უკვე საყაიმო შედეგი 3:3 დაფიქსირებულიყო (VIDEO). მართლაც საოცარი თამაში გამოდგა, ისეთი წინასწარ რომ ვერ იფიქრებდა კაცი. ლამაზი გოლებიც გავიდა, გინდა ერთ, გინდა მეორე კარში. განსაკუთრებით კი, მასპინძელი ჩენიკ ტოსუნის ბრწყინვალე “მაკრატელა” და ეგებ, ვინ იცის, სწორედ ამ ზღაპრულმა გოლმა განაპირობა თურქეთის ჩემპიონის დაუვიწყარი ქამ-ბექი...

ბოლოს უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე მსგავსი თამაში 2005 წლის 25 მაისით მახსენდება, როდესაც ფინალურ შეხვედრაში იტალიური “მილანი” 3:0 ამარცხებდა ინგლისურ “ლივერპულს”, მაგრამ მეორე 45 წუთში სამი გოლი რომ გაუშვა, ყველას კარგად გვახსოვს. რა თქმა უნდა, გუშინდენ თამაშს ამ ლეგენდარულ ფინალს არ ვადარებ, მაგრამ ფაქტია, რომ აქაც იგივე სცენარი ვიხილეთ და ისიც ფაქტია, რომ მაშინდელის მსგავსად გუშინაც თამაშის მასპინძელი ქალაქი სტამბული გახლდათ. არავინ იცის, იქნებ, ეფექტი აქვს ასეთი ამ ჩინებულ ქალაქს...

0.110678