ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის ყველა მატჩი დღეს გაიმართება. 1/16 ფინალური ეტაპის საგზური უკვე 4 გუნდს აქვს მოპოვებული: “აიაქსს”, “შალკეს”, “ზენიტს” და “შახტარს”, რომლებიც მომავალი მეტოქეების მოლოდინში არიან.
დღის ყველაზე საინტერესო შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” “ფეიენოორდს” უმასპინძლებს.
ამ მომენტისთვის, A ჯგუფში ძალიან დაძაბული სიტუაციაა შექმნილი და 3 გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის დაახლოებით თანაბარი შანსი აქვს, ხოლო “ზორიას” მდგომარეობა უიმედოა.
“იუნაიტედს” მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მთლად კარგად ვერ მისდის საქმეები და ევროპა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა ჟოზე მოურინიოსთვის კიდევ ერთი დარტყმა იქნება. ინგლისურ გრანდს პირველ ტურში “ფეიენოორდთან” წაგებული აქვს და ასევე რევანში მართებს. მასპინძლებს ტრავმების გამო კრის სმოლინგი და ერიკ ბაილი ვერ დაეხმარებიან, ხოლო მარუან ფელაინის თამაში საეჭვოა.
“ფეიენოორდს” მცირე ჩავარდნა ჰქონდა და 3 მატჩი ვერ მოეგო, თუმცა კვირას “ზვოლეს” სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და ერედივიზიონს კვლავ ლიდერობს. მე-4 ტურის შემდეგ ჰოლანდიელები ევროპა ლიგის ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებენ და “იუნაიტედს” ქულით უსწრებენ. ასე რომ, ყველაფერი ჯოვანი ვან ბრონხოშტის გუნდზეა დამოკიდებული. ისინი თუ გამარჯვებას მოახერხებენ, ფლეი-ოფის საგზურს ერთი ტურით ადრე მოიპოვებენ. სტუმართაგან, ვან ბიკის და კონგოლოს თამაშია საეჭვო.
ჯგუფის მეორე მატჩში, “ფენერბახჩე” შინ ჯაბა ლიპარტიას “ზორიას” მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში შემდეგი ეტაპის საგზურს გაიფორმებს.
დიდი ალბათობით, ყველაფერი დღესვე გაირკვევა B ჯგუფში. ამისთვის საჭიროა, რომ “ოლიმპიაკოსმა” საკუთარ მოედანზე “იანგ ბოიზთან” არ წააგოს და “ასტანა”-“აპოელის” მატჩის შედეგს აზრი დაეკარგება.
ასევე, დიდი შანსია, რომ ბოლო ტურმა აზრი დაკარგოს C ჯგუფში. “მაინცმა” თუ გასვლაზე “სენტ ეტიენს” ვერ მოუგო შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს კარგავს. “ანდერლეხტი” კი, სტუმრად ნიკა კვეკვესკირის “გაბალას” დაუპირისპირდება და უდიდესი ალბათობით, დღესვე 1/16 ფინალისტი გახდება.
D ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელი უკვე ცნობილია: “ზენიტი”, ხოლო მეორე ადგილზე გასვლის შანსი სამივე გუნდს აქვს. შოთა არველაძის “მაკაბი” სანკტ-პეტერბურგში სწორედ ჯგუფის ლიდერს შეეჭიდება, ხოლო “დანდალკი” და “ალკმაარი” ირლანდიაში გაარკვევენ ურთიერთობას.
E ჯგუფის ლიდერი “რომა” საკუთარ მოედანზე “პლზენს” მიიღებს და თუ რაიმე სენსაცია არ მოხდა, ისიც გაიფორმებს შემდეგი ეტაპის საგზურს. “აუსტრია” კი, შინ “ასტრას” მიიღებს და შესაძლოა, ამ მატჩში მე-2 ადგილის ბედი გადაწყდეს.
უკიდურესად დაძაბული სიტუაციაა F ჯგუფში, სადაც შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს ოთხივე გუნდს. “ბილბაო” შინ “სასუოლოს” მიიღებს, ხოლო “გენკი” - გიორგი ქვილითაიას “რაპიდს”.
G ჯგუფში “აიაქსმა” უკვე გაიფორმა ფლეი-ოფში თამაში, ხოლო მეორე ადგილისთვის “სელტა” და “სტანდარდი” იბრძვიან, რომელთა ჯახიც ვიგოში შედგება.
H ჯგუფშიც ერთი საგზურის ვინაობა გარკვეულია: “შახტარს” ქულების მაქსიმალური რაოდენობა აქვს აღებული და შინ ბოლო ადგილოსან “კონიასპორს” მიიღებს, მეორე ადგილის პრეტენდენტები: “გენტი” და “ბრაგა” ბელგიაში შეხვედრებიან ერთმანეთს.
ქულების მაქსიმალური რაოდენობა აქვს “შალკეს”, რომელიც შინ “ნიცას” მიიღებს. ფრანგულ გუნდს წარმატების შანსი კიდევ აქვს, თუმცა იმისთვის, რომ ბოლო ტურში “კრასნოდართან” მატჩს აზრი ჰქონდეს, აუცილებლად უნდა იმარჯვოს. რუსული კლუბი კი, “ზალცბურგს” მიიღებს, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში ასევე ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი უჩნდება.
“ფიორენტინა” შინ პაოკს მიიღებს და ქულის მოპოვების შემთხვევაში შემდეგი ეტაპის საგზურს ინაღდებს. ისტორიულ წარმატებასთან ძალიან ახლოსაა “ყარაბახი”, რომელიც გასვლაზე “ლიბერეცს” დაუპირისპირდება. ჩვენი მეზობლები პაოკს 3, ხოლო “ლიბერეცს” 6 ქულით უსწრებენ.
K ჯგუფში მოულოდნელი ლიდერი “სპარტა” “საუთჰემპტონს” უმასპინძლებს, ხოლო მილანის “ინტერი” გასვლაზე “ბირ შევას” დაუპირისპირდება. “ნერაძურის” შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი თითქმის აღარ დარჩა და საკუთარ თავზე აღარაა დამოკიდებული.
მოულოდნელი ლიდერი ჰყავს L ჯგუფსაც: თურქული “ოსმანლისპორი”, ხოლო მეორე ადგილზე “ციურიხია”, რომელიც შვეცარიის ქვედა ლიგაში თამაშობს. ისინი შინ “ვილიარეალს” მიიღებენ, რომელიც ჯგუფის უპირობო ფავორიტი იყო, თუმცა ჯერჯერობით სუსტად გამოიყურება. თურქები კი, “სტიაუას” უმასპინძლებენ.
A ჯგუფი
20:00 ფენერბახჩე – ზორია
00:05 მანჩესტერ იუნაიტედი – ფეიენოორდი
B ჯგუფი
00:05 ოლიმპიაკოსი – იანგ ბოიზი
20:00 ასტანა – აპოელი
C ჯგუფი
20:00 გაბალა – ანდერლეხტი
00:05 სენტ ეტიენი – მაინცი
D ჯგუფი
20:00 ზენიტი – მაკაბი
00:05 დანდალკი – ალკმაარი
E ჯგუფი
00:05 რომა – პლზენი
00:05 აუსტრია – ასტრა
F ჯგუფი
00:05 გენკი – რაპიდი
00:05 ბილბაო – სასუოლო
G ჯგუფი
22:00 აიაქსი – პანათინაიკოსი
22:00 სელტა – სტანდარდი
H ჯგუფი
22:00 შახტარი – კონიასპორი
22:00 გენტი – ბრაგა
I ჯგუფი
22:00 შალკე – ნიცა
22:00 კრასნოდარი – ზალცბურგი
J ჯგუფი
22:00 ლიბერეცი – ყარაბახი
22:00 ფიორენტინა – პაოკი
K ჯგუფი
22:00 სპარტა – საუთჰემპტონი
22:00 ბირ შევა – ინტერი
L ჯგუფი
22:00 სტიაუა – ოსმანლისპორი
22:00 ციურიხი - ვილიარეალი