საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუქარესტში გამართულ პრესტიჟულ გუნდურ შეჯიბრებაზე - "ევროპის ერთა თასზე” საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა. რუმინულ ხალიჩაზე სულ ექვსი ქვეყნის ნაკრები გავიდა, ისევე, როგორც გუშინ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ბეგი დარჩიას გაწვრთნილი გუნდი B ჯგუფში მოხვდა, რუსეთისა და ბულგარეთის ნაკრებებთან ერთად. A ჯგუფში კი ერთმანეთს რუმინეთი, უკრაინა და პოლონეთი დაუპირისპირდნენ.
ქართველმა მოჭიდავეებმა ტურნირი ბულგარელებთან დაჭიდებით გახსნეს და 5:3 იმარჯვეს. შემდეგ კი, რუსებთან 1:7 წააგეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. A ჯგუფში სამეული ამ თანმიმდევრობით შეივსო: უკრაინა, რუმინეთი, პოლონეთი.
ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალურ ბლოკში ერთმანეთს ბრინჯაოს მედლისთვის დაეჭიდნენ. ქართველები შეჯიბრების მასპინძლებთან დამარცხდნენ და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.
ჩემპიონი რუსეთი გახდა, უკრაინის ძლევით (6:2).
საქართველოს ნაკრები "ევროპის ერთა თასზე” შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა:
59 კგ - ირაკლი შავაძე
66 კგ - შმაგი ბოლქვაძე
71 კგ - მინდია წულუკიძე
75 კგ - გიორგი დათუნაშვილი და გელა ბოლქვაძე
80 კგ - ზურაბ დათუნაშვილი და ნიკოლოზ კელასოვი
85 კგ - რობერტ კობლიაშვილი
98 კგ - კუკური კირცხალია
130 კგ - იაკობ ქაჯაია