კალათბურთი

12:34 | 19.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას პირადსარეკორდო 12 მოხსნა "გოლდენ სტეიტში" და ოკლენდელების გამარჯვება ბოსტონში

ზაზა ფაჩულიას სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი. დღეს, გამთენიისას „გოლდენ სტეიტმა“ ბოსტონში „სელტიქსი“ 104:88 დაამარცხა, რაშიც ოკლენდელთა ქართველი ცენტრის დამსახურება საკმაოდ დიდია.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ბოლო დროსთან შედარებით საკმაოდ ბევრი - 21 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველი ცენტრი საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მოხსნა მიითვალა, რაც მისთვის მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდია.

ქართველი ცენტრი ფარზე დომინირებდა და ოპონენტ კელი ოლინიკს გასაქანი არ მისცა. ბოსტონელთა ცენტრმა მხოლოდ 3 ბურთი მოხსნა და მოედანზე 18 უქულო წუთი გაატარა. მასპინძელთა ცენტრმა, რომელსაც ზაზა მეურვეობდა, თამაშიდან ხუთივე სროლა გააცუდა. რაც შეეხება ჩვენიანს, ფაჩულიამ 5-დან 2 ორქულიანი მიითვალა და მოპოვებულ 4 ქულას, 12 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა.

ზაზამ თავისი საქმე კარგად გააკეთა, ბურთები კი სნაიპერებმა ჩაყარეს. ამჯერად ბომბარდირი კლეი ტომპსონი გახდა, რომელმაც შეხვედრა 28 ქულით დაასრულა. დურანტი სამმაგ დუბლს გაეთამაშა და 33 წუთში 23 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. სტეფ კარის ანგარიშზე 16 ქულა და 7 პასი იყო.

10 მოგებითა და 2 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერ „კლიპერსს“ დაეწია, თუმცა ლოსანჯელესელები ამ წუთბში საკრამენტოში თამაშობენ და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერად დარჩებიან. ფაჩულიას „გოლდენ სტეიტს“ კი მომდევნო მატჩი მილუოკიში ხვალ ელის. ზაზა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

GBF.GE

0.120681