სხვა

12:51 | 19.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლის სიურპრიზი – კასაბიევი პეკინი 2008-ის პრიზიორია

ძალოსანი არსენ კასაბიევი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალს მიიღებს. საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, რომელიც ახლა უკვე პოლონეთის მოქალაქეა და იქაური ნაკრების სახელით გამოდის, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის მედალი ბოლო დროს აგორებული დოპინგ-სკანდალის გამო გადაეცემა.

კასაბიევმა რვა წლის წინ ოლიმპიურ ფიცარნაგზე, 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ახლახან კი გაირკვა, რომ მაშინდელ საპრიზო სამეულში მოხვედრილი სპორტსმენებიდან ორის სისხლში აკრძალული პრეპარატების კვალი აღმოჩნდა. საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, დოპინგზე ოლიმპიური ჩემპიონი – ყაზახი ილია ილინი და ბრინჯაოს პრიზიორი – რუსეთის ნაკრების წევრი ჰაჯიმურატ აკაევს ჩავარდნენ.

პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონად პოლონელი შიმონ კოლეცკი გამოცხადდება, არსენ კასაბიევი კი მეორე ადგილს დაიკავებს.

პეკინის ოლიმპიადაზე საქართველომ 6 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო და 3 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ: ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო), რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). მესამე ადგილზე კი გავიდნენ: ოთარ თუშიშვილი, გიორგი გოგშელიძე (ორივე თავისუფალი ჭიდაობა) და ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა).

0.119035