ფეხბურთი

17:04 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

რას მოვითხოვთ, რას ვაჩვენებთ და რა შეგვიძლია?

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბოლო თამაშიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, აქამდე არაფერი დამიწერია და ყურადღებით ვაკვირდებოდი იმ გამოხმაურებას, რომელიც საზოგადოების და მედიის მხრიდან მოჰყვა მოლდოვასთან ფრედ დასრულებულ შეხვედრას.

ნამდვილად ბევრი აზრი მოვისმინე, წავიკითხე. შემიძლია ვთქვა, რომ სპორტის მოყვარულებს შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კვლავ პოპულარობით სარგებლობს და ალბათ, ამდენი ყურადღება არც მორაგებთა ნაკრებს ექცევა და არც საკალათბურთოს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბევრად უფრო წარმატებულია ამ ეტაპზე, ვიდრე საფეხბურთო. კი ბატონო, ხშირ შემთხვევაში, ეს ყურადღება ნეგატიურია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესი, მოლოდინი საკმაოდ დიდია და საზოგადოების ეს რეაქციაც აქედან გამომდინარეობს.

საქართველოში ფეხბურთი ნამდვილად უყვართ, თან ძალიან, იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. საკმარისია, რომ ნაკრებმა თუ რომელიმე ქართულმა გუნდმა წარმატების რაღაც იმედი დაანახოს ხალხს, რომ სტადიონზე უმალ დიდი რაოდენობის ქომაგი იყრის თავს. ეს მოლდოვასთან მატჩმაც დაგვანახა, სადაც ქომაგი მრავლად მივიდა. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებიც თამაშობდა ძალიან ძლიერ იაპონიასთან. დიახ, გასულ თვეში “ჯვაროსნებმა” მაღალი ხარისხის თამაში აჩვენეს, რამაც ხალხს იმედი მისცა და ბოლო მატჩში სტადიონზეც ბლომად მივიდნენ, თუმცა წინ მორიგი იმედგაცრუება ელოდათ და მატჩის შემდგომ სოციალურ ქსელებში ბევრ ძალიან აგრესიულ კომენტარებს გადავაწყდი.

პირველ ყოვლისა მინდა ვთქვა და ეს აქამდეც დაიწერა ჩვენს საიტზე, რომ ნაკრებს ერთგვარი სენი სჭირს – ვერ იგებს იმ თამაშს, რომელშიც ფავორიტად მოიაზრება და ერთი შეხვედვით მოსაგები მატჩი აქვს. ამაზე ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს და მინდა, რომ აღნიშნულ საკითხს მცირედით მეც შევეხო.

მაინც რა იწვევს ასეთ ცუდ შედეგს? შეგვიძლია, ძლიერ გუნდებთან მშვენიერი მატჩები ჩავატაროთ და შემდეგ შემადგენლობით ჩვენზე აშკარად სუსტ მეტოქეს ვერ ვაჯობოთ. პრობლემა მხოლოდ მწვრთნელსა და ფეხბურთელებშია? ჩემი აზრით, არა.

ნამდვილად კარგია, როდესაც ირლანდიას გასვლაზე პირველ ტაიმში ჯობნი, ხოლო მეორე ნახევარში ბევრით არაფრით ჩამოუვარდები. მაგრამ, საბოლოო შედეგი რა იყო? ის რომ 0:1 წავაგეთ და ქულის გარეშე დავრჩით. შემდეგი მატჩი კიდევ უფრო უკეთესი იყო, ევრო 2016-ის ნახევარფინალისტს აშკარად ვაჯობეთ მეორე ტაიმში და შედეგიც წინა მატჩზე უკეთესი იყო – ქულის მოპოვება შევძლით და მოგებაც თავისუფლად შეგვეძლო.

დიახ, პროგრესი, რომელიც ვლადიმერ ვაისის ხელში განიცადა ნაკრებმა ამ ორ თამაშში აშკარა იყო. თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრით, იმ დონის გუნდს, როგორიც საქართველოს ნაკრებია ამ ეტაპზე ბევრი არ უნდა მოსთხოვო და წნეხში არ უნდა მოაქციო.

გასაგებია, რომ ერს საყვარელ სპორტის სახეობაში წარმატება ძალიან მოენატრა, მაგრამ პატარა წარმატების უზომოდ გაფეტიშება სწორი მაინც არაა. ირლანდიასთან და უელსთან მატჩების შემდგომ, ბევრმა ვლადიმერ ვაისი და ნაკრების მოთამაშეები ლამის გმირებად შერაცხა, ხოლო მოლდოვასთან მატჩის შემდეგ ბევრი მათ საკმაოდ ცუდად მოიხსენიებდა. სწორია ეს? რა თქმა უნდა, არა! არ შეიძლება ერთ დღეს სპორტსმენებს აიდეალებდე, ხოლო იმავე დღეს თამაშის დასრულებისთანავე აგრესიით და ზიზღით იყო მათ მიმართ განწყობილი.

აშკარაა, რომ ხშირ შემთხვევაში ზომიერებას ვერ ვიჩენთ და ემოციებს ძალიან დიდი როლი უკავია. ნაკრების მოთამაშეების უმრავლესობა ქომაგთა, ჟურნალისტთა აზრს კითხულობს და საკმაო მნიშვნელობასაც ანიჭებს. არ შეიძლება ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ნაკრების წევრებზე დამთრგუნველად იმოქმედებს და ფსიქოლოგიურად ცუდად აისახება.

არ შეიძლება, ორი მატჩის შემდეგ, რომელშიც მხოლოდ ქულა აიღე (როგორიც არ უნდა ყოფილიყო ხარისხი) ნაკრები უკვე მაღალი დონის გუნდად ჩათვალო, ხოლო ერთ თვეში ასევე ქულის აღების (გასაგებია, რომ მოლდოვა წინა მეტოქეებზე სუსტია, მაგრამ შედეგი ახლაც ქულა იყო) შემდეგ ლუქსემბურგს, ლიხტენშტაინს და მსგავსს გუნდებს დაუყენო გვერდით.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები შენებისა და გარდაქმნის პროცესშია. ახალი მწვრთნელი ცდილობს, რომ საკუთარი ხელწერა დაატყოს ნაკრებს და ვფიქრობ, გარკვეულწილად ეს უკვე მოახერხა კიდეც. დიახ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვაისის ხელში გარკვეული პროგრესი უკვე განვიცადეთ და დაკვირვებული ადამიანი ამას ნამდვილად დაინახავს. ცუდია, რომ მოლდოვას ვერ მოვუგეთ, თუმცა ამით არაფერი მთავრდება და პროგრესი კვლავ გაგრძელდება (თუ რა თქმა უნდა დავაცდით ვაისს). ნაკრების შენება და მოღონიერება ძალიან მტკივნეული პროცესია. აღნიშნული მოვლენა ბევრად ძლიერ გუნდებზე და ნაკრებებზე მოქმედებს, ვიდრე საქართველოა. ავიღოთ თუნდაც ჰოლანდიის ნაკრები, რომელშიც თაობათა ცვლის და ახალი გუნდის შექმნის პროცესი მიმდინარეობს, სახელოვანი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეც კი ვერ გავიდა... ისეთი ნაკრების შენება კი, როგორიც საქართველოა, რომელსაც განსაკუთრებული წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია, ბევრად უფრო რთულია და ამას მწვრთნელი რამდენიმე თვეში ნამვილად ვერ მოახერხებს, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ამას დრო სჭირდება და ვინმე თუ საქართველოს ნაკრებისგან ახლა მუნდიალზე გასვლას ელოდა, ეს ალბათ თავიდანვე ზედმეტი ოპტიმიზმი იყო. მიმდინარე შესარჩევ ციკლში ვაისმა მაქსიმალურად უნდა შეძლოს და ნაკრების ის ბირთვი გამოკვეთოს, რომელიც მომდევნო შესარჩევისთვის ჩვენი დამრტყმელი ძალა იქნება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ნაკრებიდან წავიდა ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე ოთარ კაკაბაძემ ჩაანაცვლა, გამოჩნდა გვილია. ეს დასაწყისია, მომდევნო შესარჩევის დაწყებამდე ორი წელია დარჩენილი და ახალი სახეები აუცილებლად იქნება. ჩემი აზრით, ჩვენმა მწვრთნელმა ოფიციალურ მატჩებს აქადანვე უნდა შეაჩვიოს ის მოთამაშეები, რომლებზეც სამომავლოდ იმედებს ამყარებს, (მაგ: გიორგი არაბიძე) ფსიქოლოგიურად მომზადებული და უკეთ შეთამაშებული რომ შეხვდეს იმ ციკლს, რომელშიც უკვე მართლა შედეგი მოეთხოვება ვლადიმერ ვაისს. რასაკვირველია, მე მის კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, მან თავის საქმე ყველაზე უკეთ იცის და ეს უბრალოდ ჩემი ხედვაა, რომელსაც ბევრი გაიზიარებს და ბევრი არა. ასე რომ, გუნდში, რომელშიც ნამდვილად ბევრი გარდაქმნა ხდება, ცოტათი არასწორია, მოსთხოვო ყველა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატაროს. იქნება როგორც კარგი მატჩები, ისე შედარებით სუსტი შეხვედრები და არც ერთი ზედმეტად გადაფასებული არ უნდა იყოს, რაც აშკარად შეინიშნება ჩვენს ნაკრებთან მიმართებაში.

ბევრი საუბარია, იმაზეც, რომ ნაკრები მხოლოდ ერთ ტაიმს თამაშობს მაღალ დონეზე. დიახ, ეს მართლაც ასეა. მიმდინარე შესარჩევში ნაკრები ერთ ტაიმში ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე მეორეში. ამას ბევრი ვლადიმერ ვაისს აბრალებს, რასაც მე არ დავეთანხმები. იქნებ სხვა მიზეზებზეც დაფიქრება ღირს? ჩემი აზრით, ნამდვილად ღირს. ვლადიმერ ვაისს შეუძლია ფეხბურთელებს დავალება მისცეს, რომელსაც შესრულება სჭირდება. ის თავად ვერ გავა მინდორზე და ვერ ირბენს. საქართველოს ნაკრებს კი აქვს ერთი დიდი და ტრადიციული პრობლემა: ფიზიკური მომზადება. ამის აღმოფხვრა იმ პირობებში, როდესაც შეკრებისთვის მხოლოდ ერთი კვირა გაქვს, ურთულესია და ჩვენი ყოფილი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას თქმის არ იყოს, მწვრთნელი “ფოკუზნიკი” არაა. არიან ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები, ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურები, რომლებსაც კლუბებში დიდი სათამაშო დრო არ აქვთ და ესეც რასაკვირველია თავს იჩენს სანაკრებო მატჩებში. ესეც ვაისის ბრალია? მწვრთნელის “განტევების ვაცად” გამოყვანა ყოველთვის ძალიან იოლია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, რამდენად სწორია, მეორე საკითხია.

საუბარია იმაზეც, რომ ვაისმა მოლდოვასთან მატჩში არასწორი შეცვლები გააკეთა და არასასურველი შედეგიც ამან გამოიწვია. კი ბატონო, მეორე ტაიმი ნამდვილად სუსტად ჩავატარეთ, მაგრამ უშეცდომო მწვრთნელი არსებობს? რა თქმა უნდა, არა! ჟოზე მოურინიოს, ხოსეპ გვარდიოლას, დიეგო სიმეონეს და ა.შ. მოსვლიათ უხეში შეცდომები და ამისგან დაზღვეული, არც ვაისი და არც სხვები არ არიან. ამიტომაც, ვაისს თუნდაც შეცდომა დაეშვა, მისი უსაშველო კრიტიკა სწორი არაა, ჯანსაღი და ზომიერი კრიტიკა კი, ყოველთვის სწორი, სასარგებლოა და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ ზომიერებას საკმაოდ მცირე დოზით ვხვდებით. ბევრი იმდენად შორს წავიდა, რომ ამ მატჩის შემდეგ ვაისის წასვლაზეც დაიწყო საუბარი და ეს რამდენად მართებულია, თავად განსაჯეთ...

სლოვაკი მწვრთნელის არ იყოს, კრიტიკა და რიგ შემთხვევებში ძალიან გადაჭარბებული, არც ფეხბურთელებს დააკლდათ. ჩემთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი ოთარ კაკაბაძის საკითხია. რამდენიმე ჟურნალისტმა და ბევრმა ქომაგმა “ხიმნასტიკის” მოთამაშე იმის გამო გააკრიტიკა, რომ თამაშის შემდგომ ბარში დაინახეს. და რა არის ამაში ცუდი და საგანგაშო? ქართველმა ფეხბურთელმა რეჟიმი დაარღვია და მატჩის წინ გაერთო? არა! არასპორტული ქცევით გამოირჩა? არა! მაშ, რატომღა არის კრიტიკის ღირსი? ფეხბურთელიც ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც სჭირდება, განტვირთვა და გართობა, ისევე, როგორც თითოეულ ჩვენგანს. ყველას საკუთარი საქმე გაგვაჩნია და ამ საქმის დასრულების შემდგომ, ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა საშუალებებით ვერთობით. რამე არის ცუდი ამაში? არა! ასე რომ, ოთარსაც და ნებისმიერ სხვა მოთამაშეს შეუძლია გაერთოს, სპორტსმენისთვის ზომიერების ფარგლებში. ესეც რომ არა, ერთი ადამიანური მომენტია გასათვალისწინებელი, როდესაც შენი ქვეყნისგან ასეულობით კილომეტრი გაშორებს უამრავ ახლობელ ადამიანს, რა არის გაუგებარი იმაში, რომ იმ მოკლე თავისუფალ დროში, რომელიც ფეხბურთელს გააჩნია უცხოეთში დაბრუნებამდე, გამოიყენოს და მონატრებულ ადამიანებთან ერთად გაერთოს. საქართველოს ნაკრებს რომ მოლდოვასთვის მოეგო, დარწმუნებული ვარ, ამ თემით არავინ დაინტერესდებოდა. ახლა კი, ჩემთვის გასაკვირად ეს თემა განსახილველი გახდა. კაკაბაძეს ბარში წასვლა/არ წასვლით ნამდვილად არაფერი შეიცვლებოდა და თუ ჩვენს ბიჭებს მატჩის შემდგომ გლოვას და ყველაფერზე უარის თქმას მოვთხოვთ, სწორი არ ვიქნებით. აბსოლუტურად ყველა გუნდი აგებს, მათ შორის მსოფლიო დონის გრანდები და ყოფილა ხშირი შემთხვევა, როდესაც წაგებული მატჩის შემდგომ წვეულება გადაუხდიათ ან რაიმე სხვა საშუალებით გართობილან, მაგრამ ნაკლებად მოჰყოლია გამოხმაურება, თუ რაიმე უწესო ქცევით არ გამორჩეულან. ასე რომ, ვფიქრობ, ფეხბურთელებისგან ზედმეტი არ უნდა მოვითხოვოთ და არ უნდა დავივიწყოთ, რომ პროფესიის გარდა, მათ ძალიან ბევრი რამ გააჩნიათ, რომლებზეც უარს ვერ იტყვიან. მითუმეტეს, დღევანდელ ნაკრებში ვერავის დავწამებთ იმას, რომ არ ინდომებს და “ფეხებს უფრთხილდება”. ყველა იმის გაკეთებას ცდილობს, რაც შეუძლია. ვინ როგორ ახერხებს ეს მეორე საკითხია, მაგრამ ის რაც ადრე ხდებოდა, მოგვარდა – თემურ ქეცბაიას დროს და უფრო ადრეც გვახსოვს, რომ ძალიან ხშირად ნაკრებში ფეხბურთელების ჩამოსვლაზე სერიოზული პრობლემა იყო. ეს ასე აღარაა, ნაკრებში თამაში ვისაც შეუძლია ყველას სურს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომლებსაც თამაში უნდათ, მაგრამ კონკურენციიდან გამომდინარე ამას ვერ ახერხებენ: მაკარიძე, ხოჭოლავა, ლიპარტია და ა.შ.

რასაკვირველია, სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია, არის ძალიან ბევრი ნეგატიური მხარე, რომლებზეც საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ მინდა, რომ დღევანდელ სტატიაში უარყოფით მხარეებზე მეტად დადებითზე ვისაუბროთ, რადგან როგორც ყოველთვის უფრო მეტი ცუდი ჩანს, ვიდრე კარგი.

ქართულ ფეხბურთში რომ უამრავი პრობლემაა, ეს ყველამ კარგად ვიცით და მე ახალს ვერაფერს გეტყვით. ჩემპიონატის დონე რომ ძალიან დაბალია, სახელმწიფოს და ბიზნესმენებს კიდევ ფეხბურთი დიდად რომ არ ანაღვლებთ, ამასაც ვხედავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არის რაღაც სასიკეთო ძვრები, რაც მე პირადად იმის იმედს მაძლევს, რომ ვლადიმერ ვაისის ხელში მომდევნო ციკლში გაცილებით დალაგებული გუნდი ვიქნებით და რეალურად მართლა მაღალი მიზნისთვის ვიბრძოლებთ.

და ბოლოს, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი, მტკივნეული და არაჯანსაღი თემა კახა ცხადაძის საკითხია. გამონაკლისი არ ვიქნები და მეც ვეტყვი, რომ კახა ცხადაძის ხელში ნაკრები უკეთესობისკენ წავიდა და ასეთ მოქცევას არ იმსახურებდა, მაგრამ... ამ საკითხმა უკვე ჩაიარა, ნაკრებს კი ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ცდილობს კარგი გუნდის შენებას საძირველი ჩაუყაროს და ამის ნიშნები ნამდვილად არსებობს. ასეთ დროს, ამჟამინდელ მწვრთნელზე და თვითონ მოთამაშეებზეც, ცუდად არ იმოქმედებს ეს საკითხი? არ ვამბობ, რომ ამ თემაზე არ უნდა ვისაუბროთ. სიმართლის დადგენა ყოველთვის საჭიროა, მაგრამ როდესაც საქმე ასეთ ჩახლართულ თემასთან გვაქვს, ნამდვილად მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ახალი სკანდალი არ აგორდეს, რომელიც ისევ და ისევ საქართველოს ნაკრებს ავნებს ყველაზე მეტად. საქართველოს ნაკრები შენების პროცესშია და წინ კიდევ ბევრი მტკივნეული მომენტი იქნება. ასეთ დროს, საჭიროა, რომ ნაკრების ყველა წევრის გვერდით იდგნენ როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე თითოეული გულშემატკივარი. ასეთი თემის წინ წამოწევა და მუდმივად ყოფილი მწვრთნელის ახალთან შედარება, რამდენად კარგად იმოქმედებს “ჯვაროსნებზე” ძალიან რთული თემაა და მეეჭვება, რომ ამან ვაისზე და მთლიანად გუნდზე, კარგად იმოქმედოს. სამწუხაროდ, ბევრი უსამართლო რამ ხდება, თუმცა დროის უკან დაბრუნება და წარსულის შეცვლა შეუძლებელია. მომავლის შენება კი შესაძლებელია და ამას ხელი კი არ უნდა შევუშალოთ, არამედ უნდა შევუწყოთ.

საქართველოს ნაკრებისგან მიმდინარე შესარჩევის წინ ბევრი რაიმე გრანდიოზულს ელოდა, კიდევ უფრო მეტი კი სრულ კრახს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ ამ ორი პოზიციის შუაში ვართ, თუმცა ამ მოსაზრებაზე ბევრი ნამდვილად არაა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები პერსპექტიული გუნდია, რომელსაც წარმატების გარკვეული რესურსი ნამდვილად გააჩნია, თუმცა ამის ათვისებას და სრულად გაყენებას გარკვეული დრო ნამდვილად სჭირდება. ჩვენ კი, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მიმდინარე შესარჩევში ნაკრებს გვერდში დავუდგეთ, წნეხში არ მოვაქციოთ და უკვე ახალი ციკლისთვის დაველოდოთ შედეგს, როდესაც ვაისს უკვე საკმაოდ დიდი დრო და მოსამზადებელი პერიოდი ექნება გამოვლილი. აი, რეალურად მაშინ შეგვეძლება შევაფასოთ სლოვაკი მწვრთნელის მუშაობა. ახლა კი, ის გუნდის გარდაქმნის პროცესშია და ყოველ მატჩში გამარჯვება და ისე თამაში მოსთხოვო, როგორც ესპანეთთან ან უელსთან ვითამაშეთ, ნამდვილად ძალიან გადაჭარბებული იქნება.

ჩვენი ნაკრები ამ ეტაპზე ნამდვილად ჩამორჩება ავსტრიის, ირლანდიის, უელსის და სერბეთის ნაკრებებს, თუმცა ბევრად და ყველანაირად წინ დგას: ლუქსემბურგზე, ფარერებზე, ლიხტენშტაინზე და მსგავსი დონის გუნდებზე, რომლებთანაც სამწუხაროდ ბევრს გაუიგივებია ჩვენი ნაკრები. არ შეიძლება ორ უკიდურესობას შორის ვიყოთ, როგორც თუნდაც ბოლო სანაკრებო მატჩებზე. ერთი და ორი თამაშის შემდეგ ფეხბურთელები არც გმირებად არ უნდა გამოვიყვანოთ და არც არაკვალიფიციურებად.

ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ბევრი ჩვენგანი მოითხოვს იმას რაც “ჯვაროსნებს” ამჟამად არ შეუძლიათ, ჩვენებით კი, ნამდვილად იმაზე ნაკლებს ვაჩვენებთ, რისი პოტენციალიც გვაქვს. ვლადიმერ ვაისის მიზანიც სწორედ ეს არის, განაგრძოს აღებული კურსი და დროთა განმალობაში, საქართველოს ნაკრები სტაბილურად აათამაშოს ისე, როგორც ახლა ეპიზოდურად ან კიდევ თითო ტაიმს თამაშობს. თუმცა, იქამდე რომ მივიდეთ პირველ რიგში დრო და შემდეგ მოთმინებაა საჭირო, რომელიც ხშირ შემთხვევაში აქამდე ძალიან გვაკლდა და ყოველივე ეს, ბევრ სხვა მიზეზთან ერთად იმის შედეგია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ცალკეულ ეპიზოდურ გამონათებებს თუ არ ჩავთვლით, ღირებულისთვის არასდროს მიუღევია...

0.132644