საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ბუქარესტში ჩავიდნენ. დღეს და ხვალ, რუმინეთის დედაქალაქი პრესტიჟულ გუნდურ შეჯიბრებას - „ევროპის ერთა თასს" უმასპინძლებს და ევროკონკურენციაში რევაზ მინდორაშვილისა და ბეგი დარჩიას გაწვრთნილი გუნდებიც ჩაებმებიან.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რუმინეთში ოპტიმალური შემადგენლობით გაემგზავრა. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, პირველად გავლენ საჭიდაოდ ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) და ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125 კგ), ოღონდ ხინჩეგაშვილი ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 61 კილოგრამში გამოვა. თუმცა არც ეს წონაა მისთვის უცხო. შეგახსენებთ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წლეულს სწორედ 61-ში გახდა ევროპის ჩემპიონი.
მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა სატურნირო განაცხადში სულ 14 მოჭიდავე შეიყვანა. მათ შორის რიო 2016-ზე ნამყოფი გუნდის ექვსივე წევრი.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, „ევროპის ერთა თასზე" საქართველოს გარდა იჭიდავებენ: რუსეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და უკრაინის ნაკრებები.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რუმინულ ხალიჩაზე ქართველი, რუსი, რუმინელი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი და თურქი სპორტსმენები გავლენ. საქართველოს ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამ 10-კაციანი სია ჩამოწერა. ბუქარესტში მანაც საბრძოლო შემადგენლობა იახლა. სიახლეა ევროპის მოქმედი ჩემპიონის - ზურაბ დათუნაშვილის (75 კგ) ახალ წონით კატეგორიაში – 80 კილოგრამში გადასვლა, რომელშიც ახლახან საქართველოს ჩემპიონიც გახდა.
დღეს „ევროპის ერთა თასი" თავისუფალ ჭიდაობაში გათამაშდება. ხვალ კი ხალიჩაზე ბერძენ-რომაელები გავლენ.
საქართველოს ნაკრები
თავისუფალი ჭიდაობა
57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი და ოთარ გოგავა
61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ბექა ლომთაძე
65 კგ - ზურაბ იაკობაშვილი და კონსტანტინე ხაბალაშვილი
70 კგ - დავით ტლაშაძე
74 კგ - იაკობ მაქარაშვილი და ზურაბ ერბოწონაშვილი
86 კგ - სანდრო ამინაშვილი და ირაკლი მწითური
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ - გენო პეტრიაშვილი და გიორგი მეშვილდიშვილი
ბერძნულ-რომაული
59 კგ - ირაკლი შავაძე
66 კგ - შმაგი ბოლქვაძე
71 კგ - მინდია წულუკიძე
75 კგ - გიორგი დათუნაშვილი და გელა ბოლქვაძე
80 კგ - ზურაბ დათუნაშვილი და ნიკოლოზ კელასოვი
85 კგ - რობერტ კობლიაშვილი
98 კგ - კუკური კირცხალია
130 კგ - იაკობ ქაჯაია