ფეხბურთი

17:04 | 17.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

სფფ: ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად კონტრაქტის ბოლომდე დარჩება

საქართველოს ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ ვაისი მუშაობას განაგრძობს. როგორც WORLDSPORT.GE-ს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს, სლოვაკი სპეციალისტი დაკავებულ თანამდებობაზე მინიმუმ მიმდინარე კონტრაქტის ამოწურვამდე, 2017 წლის ბოლომდე იმუშავებს. სფფ-ის ცნობით, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციაში გერმანელი ფოლკერ ფინკეს ქართულ ვიზიტზეც ვიკითხეთ, რაზეც გვიპასუხეს, რომ ფინკეს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა მხოლოდ მეგობრული ვიზიტი იყო და სპორტულ თემასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, ვაისის საქართველოს ნაკრებიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები მას შემდგომ აგორდა, რაც ერთ-ერთმა ყაზახურმა გამოცემამ სლოვაკი თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის 5 სავარაუდო კანდიდატს შორის დაასახელა.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს და დღემდე მისი თავკაცობით “ჯვაროსნებმა” 8 თამაში ჩაატარეს, რომელთაგანაც ერთი მოიგეს, სამი ფრედ დაასრულეს, ხოლო ოთხში დამარცხდნენ.

0.127082