საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი წევრის ბერძნულმა გუნდმა აეკ-მა, რომელიც ევროპის ჩემპიონთა თასზე ასპარეზობს, ამ ტურნირის მორიგი მატჩი გერმანიაში გამართა და ადგილობრივ „ლუდვიგსბურგთან“ 5 ქული სხვაობით - 67:72 დამარცხდა. ქართულპასპორტიანი მაიკლ დიქსონი სტუმართა შორის საუკეთესო იყო, მაგრამ მან ათენელები მარცხისგან ვერ იხსნა.
დიქსონი სასტარტო ხუთეულში არ გახლდათ, მაგრამ თანაგუნდელთა შორის მოედანზე ყველაზე მეტი დრო – 32:58 წუთი გაატარა და 14 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 6-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური მიიღო.
აეკ-ს 3 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში მე-2 ადგილზე იმყოფება. დიქსონის გუნდი მომდევნო მატჩს 23 ნოემბერს გამართავს, როდესაც შინ ბელგრადის “პარტიზანს” ისტუმრებს.
gbf.ge