იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელს მიაგნეს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობა “მილანისა” და იტალიის ნაკრების მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას გადაბირებისთვის იწყებს ბრძოლას. ამას სათავედ ტურინელთა სპორტული დირექტორის, ჯუზეპე მაროტას სიტყვები დაედო:
“ბოლო 20 წლის განმავლობაში იტალიის ნაკრების კარს ყოველთვის "იუვენტუსის" მეკარე იცავდა და კარგი იქნება თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება. საერთოდ, მოხარულები ვართ, რომ “სკუადრა აძურაში” “იუვეს” ფეხბურთელები ყოველთვის ქმნიდნენ ამინდს, მათ შორის მეკრეებიც – ძოფი, ბუფონი და...”, - აღნიშნა მაროტამ.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დონარუმას აგენტი “გაცვეთილი” მინო რაიოლაა, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი. როგორც “გაძეტა დელო სპორტი” წერს, რაიოლა “მილანის” პასუხს ელოდება ჯიჯისთან დაკავშირებით, კერძოდ მარკო ფასონესგან.
“იუვენტუსის” კარს ამჟამად ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი იცავს, რომელსაც კონტრაქტი 2018 წლამდე აქვს გაფორმებული და იქამდე პიემონტის დედაქალაქში ტრანსფერის გასაჩარხად დრო საკმარისად აქვთ. რაც შეეხება დონარუმას, არასრულწლოვნების გამო პროფესიონალური კონტრაქტი გუნდთან ჯერ არ აქვს, მაგრამ თებერვალში უკვე შეეძლება გაფორმება და როგორც ცნობილი ხდება, “მილანი” მას ახალ ხელშეკრულებას 2022 წლამდე სთავაზობს...