ფეხბურთი

11:43 | 15.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისის ორად გახლეჩილი ქართული გზა

8 თამაში, 1 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება, 7 გატანილი და 14 გაშვებული გოლი – ეს მხოლოდ მშრალი სტატისტიკური მონაცემია საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისის მუშაობის პერიოდში. ერთი წელი არ გასულა, რაც სლოვაკი ჩვენს ქვეყანაში მუშაობს, მაგრამ პირველი წელი დასრულდა და მისი გაწეული სამუშაოს პირველი სურათიც შეიქმნა – WORLDSPORT.GE-ც შეეცდება მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასოს განვლილი გზა.

ხსენებული 8 თამაშიდან 4 იყო ოფიციალური – 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში საქართველოს ნაკრები 4 თამაშში მოპოვებული ორი ქულით მხოლოდ მოლდოვის ნაკრებს უსწრებს და ძნელად წარმოსადგენია რუსეთში თამაშის უფლება მოიპოვოს. თუმცა, ჯგუფიდან გასვლა მთავარი მიზანი რომ არაა, ამას ვაისიც აღიარებს და მისი დამქირავებლებიც. ახლა მთავარი, გუნდის მომზადებაა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. სლოვაკიც, ყოველ შესაძლებლობაზე გაიძახის, ახალგაზრდული გუნდი მყავს, რომელსაც ბევრი რამის მიღწევა შეუძლია თუ ერთად დავდგებით და შრომა არ დაგვეზარებაო – ვნახოთ, ამას მხოლოდ მომავალი თუ გამოაჩენს, მანამდე კი, ფაქტია, რომ ვაისის მუშაობის შეფასებაზე რომ მიდგება საქმე, აზრი ორად იყოფა: დადებითად და უარყოფითად...

აჟიოტაჟი ვაისის დანიშვნაზე, რომელიც აჩრდილად დაჰყვება

ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის მარტში ჩააბარეს. მან კახა ცხადაძე შეცვალა. ეს კი, ის თემაა, რომელიც აგერ 8 თვის შემდგომაც აჩრდილივით დასდევს თან – ყველა ცხადაძის ფორმაციის გუნდთან აიგივებს დღევანდელი ნაკრების თამაშს და არც ის ავიწყდება ვინმეს, თუ რა ხმაურით წავიდა თუ გაუშვეს ცხადაძე ნაკრებიდან – ფინანსურ დეტალებზე შეთანხმება მაშინ არ შედგა. კახა, დაპირებულ თანხას ითხოვდა, ფედერაცია მას უფრო ნაკლებს სთავაზობდა და გზებიც გაიყო, არცთუ ისე თბილად. მოვიდა ვაისი, რომლის გასამრჯელო ოფიციალურად დღემდე არ ხმაურდება. ალბათ, ერთი-ორმა კაცმა თუ იცის მთელს საქართველოში (ისიც ოფიციალურმა პირებმა) თუ რამდენს იღებს სლოვაკი. მედიაც ამ დროის განმავლობაში არაერთხელ ეცადა ამაზე პასუხის გაგებას, მაგრამ ამაოდ – ყველა თავს არიდებს და ამბობენ, რომ ამაზე საუბარი უადგილოა ან რამე ამის მსგავსი... მოკლედ, აქ კითხვის ნიშანი დღემდე არსებობს, არადა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთა ანაზღაურება საჯაროა და დამალულიც მასში არაფერია...

დებიუტიდან შესარჩევ ციკლამდე

ეს მოედანს მიღმა, მაგრამ ახლა მოედანზე შევიხედოთ და ვნახოთ რა მოუტანა ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს – დებიუტი მარტში შედგა თბილისში, ყაზახეთის ნაკრებთან – პირველი თამაში იყო და განსაკუთრებულს ვერც ვერაფერს მოვითხოვდით. საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა, რომლისგანაც დასკვნების გამოტანა ძალზე ძნელი იყო. არცთუ ისე გამართული ფეხბურთი და არცთუ ისე მაღალი დონის მეტოქე, თუმცა, მაინც პროგრესირებადი (ჩვენთან შედარებით).

ამას მოჰყვა მაისში ავსტრიული შეკრება, სამი სპარინგი, სადაც ევრო 2016-ის მონაწილე გუნდებს ვეთამაშეთ. ავსტრიაში შანსი არ დაგვიტოვა სლოვაკეთის ნაკრებმა (1:3), რომელიც მეორე შემადგენლობით გვეთამაშა, მაგრამ ისე ადვილად აჯობა “ჯვაროსნებს”, თითქოს ვარჯიშობდა. პრინციპში მათთვის ვარჯიშის ტოლფასი თამაში მართლაც გამოვიდა.

კოშმარი იყო ბუქარესტში რუმინეთთან, რომელიც 1:5 წავაგეთ – აღნიშნულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ისეთი გოლები გაუშვა, ეზოში რომ გახვიდეთ, გუნდი შეკრიბოთ და ათამაშოთ, ეჭვი მაქვს, ის არ გაუშვებს. მაშინ გაჩნდა ასეთი სახალისო ფრაზაც: “უის გავეყარეთ და ვაისს შევეყარეთო”...

ყველაფრის გვირგვინი კი, ამ შეკრების მესამე ამხანაგური თამაში გამოდგა – მადრიდში ესპანეთის ნაკრები გველოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა საუბარი მიდიოდა ქომაგთა შორის, ასეთი ორი თამაშის მერე – “ხეტაფეს” სტადიონზე კი, ქართველმა გულშემატკივარმა, ვლადიმირ ვაისმა და თვითონ ნაკრებმაც პირველად ირწმუნა, რომ ფეხბურთის თამაში ჩვენც შეგვიძლია –პირველი ტაიმის მიწურულს თორნიკე ოქრიაშვილის გატანილი გოლი, რომელიც ჩინებულ კონტრშეტევას მოჰყვა, გამარჯვების გამოდგა. ისტორიული მოგება, ევროპის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულთან, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონთან და საერთოდ, XXI საუკუნის საუკეთესო გუნდთან. მიუხედავად იმისა, რომ მალევე გამოჩნდა ესპანეთის ნაკრები კარგ ფორმაში არ იყო და ევრო 2016-ზე ფიასკო ელოდა, მაინც ისტორიული გამარჯვება იყო. ესპანეთის ნაკრების მისსავე მოედანზე ძლევა ბევრ ნაკრებს ოცნებად აქვს ქცეული. სხვათა შორის, ბედის ირონიით, მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, რომ ჯერჯერობით ვაისის ხელმძღვანელობით ეს ერთადერთი მოგებაა საქართველოს ნაკრებისთვის. ისიც საგულისხმოა, რომ დღემდე ერთადერთი მატჩია იმ რვიდან, რომელშიც საქართველომ გოლი არ გაუშვა...

მუნდიალი 2018, შესარჩევი ციკლი

სექტემბერში უკვე ჯერი ოფიციალურ მატჩებზეც მიდგა და “ჯვაროსნებმა” 4 თამაში ჩაატარეს. თუ ავსტრიასთან და ირლანდიასთან წავაგეთ, უელსთან და მოლდოვასთან ფრე ვითამაშეთ. საერთოდ, ვაისის მოღვაწეობა ორად იყოფა ჩვენთან: მოლდოვასთან მატჩამდე და მის შემდგომ – საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ სამ მატჩში ნაჩვენებმა თამაშმა (უელსთან ქულაც მოვიპოვეთ და მოგებაც გვმართებდა) გულშემატკივარში დიდი იმედი ჩასახა. იმდენად დიდი, რომ აგერ სამი დღის წინ, “დინამო არენა” მოლდოვასთან თამაშისას თითქმის გაივსო... თუმცა, სწორედ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს ნაკრებმა ვერ ივარგა. იგორ დობროლოვსკის გუნდს, რომელსაც სამი წელია ოფიციალური თამაში არ მოუგია, ვერ აჯობა. ეგ კი არა, თამაშის ხარისხიც არ იყო იმასთან მიახლოვებული, რაც ერთი თვის წინ დუბლინურ და კარდიფულ თამაშებში. ამას კი, დიდი კრიტიკა მოჰყვა ქომაგების მხრიდან. თუ სოციალურ ქსელში ანაც სხვაგან, ვაისის გათავისფულების მოთხოვნას, ფეხბურთელთა ლანძღვას და სფფ-ის უმოქმედობის შესახებ წერილებს გადააწყდით, არ გაგიკვირდეთ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო და თითქმის ყველა თანხდებოდა, რომ ვაისმა საქართველოს ნაკრებს ხელი დაატყო და ფეხბურთის თამაშიც დავიწყეთ, შედეგიც ნელ-ნელა მოვაო.

მოლდოვასთან მატჩში ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც გავითვალისწინოთ: საქართველოს ნაკრებს ამ გუნდთან თამაში ოდითგან უჭირდა. ამასთან, განსაკუთრებით იმ მატჩების მოგება უძნელდებოდა და როგორც გამოჩნდა, ახლაც უძნელდება, რომლებიც ერთი შეხედვით აუცილებლად მოსაგებთა კატეგორიაში გადის და რომლის დროსაც წნეხი, მედიის თუLგულშემატკივართა მხრიდან დიდია - ასე იყო ამჯერზეც.

სხვისი არ ვიცი და პირადად მე სამი დღის წინანდელი თამაშის წინ ერთი რამის მეშინოდა და ჩემი შიში სამწუხაროდ გამართლდა – რამდენად შესძლებდა ნაკრები იმ მატჩის მოგებას, რომელშიც პირველ ნომრად მოუწევდა თამაში და რომელშიც მეტოქის 6-7 კაციანი დაცვის ეშელონის გარღვევა იქნებოდა საჭირო. მაინცდამაინც, ვერ ვიტყვით, რომ დობროლოვსკის შეგირდები მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ, მაგრამ ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ქართველი ფეხბურთელები შეტევებით თავს არ იწუხებდნენ. თორემ პირველ ტაიმში გოლიდან რამდენიმე წუთიანი ინტერვალი იყო, როცა ნაკრებმა ტემპს მოუმატა, მაშინვე რამდენიმე კარგი იერიში მიიტანა სტუმართა კართან, მაგრამ საუბედუროდ, ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა და მსგავსი არაფერი ყოფილა მეორე ნახევარში. და კიდევ ერთი სენი საქართველოს ნაკრების – ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა მსოფლიო დონის მეტოქესთან მაღალ დონეზე უთამაშია, მაგრამ შემდეგი თამაში თავისივე კალიბრის ან უფრო სუსტი დონის გუნდთან ამაზრზენად ჩაუტარებია. შორს არ წავალ და რახან ცხადაძის ფორმაციის ნაკრებთან მიდის შედარება ყველაზე ხშირად, გავიხსენებ, ერთი წლის წინანდელ ამბავს – გერმანიის ნაკრებთან “ჯვაროსნებმა” ჩინებულად ითამაშეს, ულამაზესი გოლიც გაიტანეს, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს და თამაში მხოლოდ ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით წააგეს. მაშინ, გუნდის თამაშით ყველა კმაყოფილი იყო, მაგრამ მომდევნო შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ტალინში, უსუსტეს ესტონეთთან ჩაატარა და 0:3 განადგურდა. იმის ალიბად გამოყენება, რომ ეს თამაში ამხანაგური იყო, ნამდვილად უადგილო მგონია და არ გამოდება. მოკლედ, ესეც სენია საქართველოს ნაკრების, რომელიც არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ...

სფფ-ის შეფასება

ამასობაში კი, ფეხბურთის ფედერაცია ვაისის მუშაობით კმაყოფილია. ყოველ შემთხვევაში სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა სლოვაკს სრული ნდობა გამოუცხადა. მისი განცხადებით, იგი კმაყოფილია ნაკრების ასპარეზობით, წმინდა სათამაშო თვალსაზრისით და სჯერა, რომ ახლო მომავალში გუნდი შედეგსაც აჩვენებს – ესეც მომავლის საკითხია. ვლადიმირ ვაისს მიმდინარე კონტრაქტი სფფ-სთან 2017 წლამდე აკავშირებს და იმავე მუჯირის თქმით, მის გახანგრძლივებაზე საუბარიც მომდევნო წელს იქნება – მანამდე დროა.

ვაისი, სათამაშო სტილი და ახალი სახეები

და ბოლოს, ვლადიმირ ვაისის თაოსნობით, საქართველოს ნაკრებმა ბოლო მატჩები (მოლდოვა რომ გამოვაკლოთ) მართლაც კარგად ჩაატარა. გუნდი ბურთსაც ფლობს, სახიფათო მომენტებს ქმნის – თუმცა, გატანა უჭირს და საკუთარი კარის მშრალად შენახვაც. ამაზე უდაოდ დიდი სამუშაოს გაწევა მართებს, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე ფეხბურთელებს. ნაკრებში რომ ბევრი პრობლემაა თამაშის ხარისხის მხრივ, ბოლო მატჩმაც ნათლად დაგვანახა. თუმცა, როგორც უნდა იყოს, ესპანეთთან საგარეო მოგებამ და უელსთან (ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტთან) ასევე საგარეო ფრემ, უდიდესი იმედი და მუხტი გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას მატჩით თითქმის ყველაფერს ხაზი გადაესვა.

სლოვაკი არ ერიდება ახალი სახეების გამოძახებასაც – პირველ ყოვლისა, ვაკო გვილია უნდა ვახსენოთ, რომელიც წესით მალე ამ ფორმაციის ნაკრების მთავარი ხერხემალი უნდა გახდეს შუა ხაზში. სლოვაკმა რამდენჯერმე გამოიძახა ზურაბ ცისკარიძე, თუმცა დიდი სათამაშო დრო მას არ მისცემია. პრინციპში ეს იმითაც უნდა იყოს გამოწვეული, რომ მას კლუბში კარგა ხანია არ უთამაშია და ფორმაშიც არ უნდა იყოს. სწორედ ვაისმა მოიწვია პირველად ნაკრებში დავით ხოჭოლავა, მაგრამ ჯერ ისიც დებიუტის მოლოდინშია. ძირითადის წევრად იქცა ოთარ კაკაბაძე - არის საუბარი სხვა ქვეყნის მოქალაქე ქართველებზეც – როგორც ვაისი ამბობს, საქართველოს ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ბევრი კი, მას ერთი გუნდის ფეხბურთელთა ე.წ ლობირებაში ადანაშაულებს. საქმე “დინამო” თბილისს ეხება, რომელიც ცუდ სეზონს ატარებს, მაგრამ ნაკრებში სტაბილურად ხვდება მისი 4-5 მოთამაშე. სამაგიეროდ, ვერ ვხედავთ ვერავის თუნდაც, ეროვნული ჩემპიონატის ლიდერებიდან “სამტრედიადან” და “ჩიხურადან”... მიუხედავად ამისა, ვაისი ამბობს, რომ მის ნუსხაში ყველა ის ფეხბურთელია მონიშნული, რომელიც ახლო მომავალში შესაძლოა ნაკრებს გამოადგეს. უბრალოდ, ერთი თამაშისთვის ყველას ვერ გამოვიძახებო...

ახლა, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ დამდეგ წელს – საქართველოს ნაკრებსა და ვლადიმირ ვაისს მორიგი მატჩი მარტის თვეში უწევთ, სერბეთის ნაკრებთან თბილისში.

0.116238