ჭიდაობა

10:18 | 15.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტებმა ტრადიცია ბულგარულ ხალიჩაზე გააგრძელეს

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვა. სეზონის უმთავრესი შეჯიბრება ასპროცენტიანი შედეგით ორმა ქართველმა სამბისტმა დაასრულა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს ვახტანგ ჩიდრაშვილი დაეუფლა, 90 კილოგრამში კი ყველას პაატა ღვინიაშვილმა აჯობა.

ჩიდრაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლაში ყაზახ იერბოლატ ბაიბატიროვს აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა. ღვინიაშვილი კი მსოფლიო პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე პირველად ავიდა. ფინალში მან რუსი სერგეი რიაბოვი დაამარცხა.

ლევან ნახუცრიშვილსა (74) და ნიკო კუციას (82 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ. ორივემ ფინალში წააგო და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. ზვიად ოდოშაშვილი (62 კგ), დავით ლორიაშვილი (100) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდნენ. ასევე მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს ქალთა ნაკრების წევრებმა: ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) და ელენე ქებაძემ (+80 კგ).

უკვე 6 წელიწადია, საქართველოს სამბისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან ოქროს გარეშე არ ბრუნდება.

საერთო გუნდურ ჩათვლაში, მამაკაცებს შორის საქართველოს ნაკრები მხოლოდ რუსეთს ჩამორჩა.

0.132732