ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი ორი მედლით ჩაამთავრეს. თელ ავივში გამართული ორდღიანი შეჯიბრების მეორე დღეს, ევროპიდიუმზე კობა მჭედლიშვილი (81 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ავიდნენ. ორივე უმაღლეს საფეხურზე.
მჭედლიშვილმა საწყის ეტაპებზე მოლდოველი ნიკონ ზაბოროსჩიუკი და შვეიცარიელი ფლორიან გირარდოზი იპონ-იპონ ჩამოიშორა. რუსეთის ნაკრების წევრ აბას აზიზოვს ოქროს დროში შესრულებული ვაზარით აჯობა. ჰოლანდიელ იესპერ სმინკს – ორი იუკოთი. ფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოზიტო ჯერ ვაზარიზე დასცა, ხოლო შემდეგ – მეოთხე წუთის დასაწყისში ბეჭებითაც დაანარცხა ტატამს.
ბექა ღვინიაშვილი ნახევარფინალამდე სუფთა გამარჯვებებით მივიდა – უკრაინელი ვიქტორ მაკუხა 2 წუთსა და 24 წამში დაამარცხა, ბელარუსი ვიქტარ კლიავუსაუ – 48 წამში, ხოლო სლოვენიელი მიხაელ ზგანკი – 3 წუთსა და 58 წამში. Fინალის საგზური სერბი ნემანია მაჟდოვის ვაზარი-იუკოთი ძლევით მოიპოვა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი, ბელარუსი იაჰორ ვარაპაიეუ მესამე წუთის მიწურულს ვაზარიზე დასცა და ილეთი შებოჭვით დააგვირგვინა.
დასკვნით საჭიდაო დღეს, ებრაულ ხალიჩაზე საქართველოს სახელით ლევან გუგავა (81 კგ), უშანგი მარგიანი (90 კგ), ლაშა ტაველური (100 კგ) და გურამ თუშიშვილიც (+100 კგ) გავიდნენ, მაგრამ საწყის ეტაპზევე წააგეს და საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსიც უმალ დაკარგეს.