ფეხბურთი

22:55 | 12.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ტაიმი ფეხბურთი, ერთი ქულა

კვლავ ორი განსხვავებული ტაიმი - ამჯერზე პირველი კარგი, მეორე - ცუდი. ერთი ტაიმის კარგი თამაშით კი თანამედროვე ფეხბურთში შეხვედრას ვერ მოიგებ. ეს დღესაც გამოჩნდა საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებთა დაპირისპირების დროს. ვაკო ყაზაიშვილის მე-16 წუთზე გატანილი გოლით კარგა ხანს ვიგებდით, პირველ ტაიმში მეორის გატანის შანსიც გვქონდა, მაგრამ არ გავიდა... სამაგიეროდ, მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებს კარისკენაც კი, ერთხელაც არ დაურტყამს.

სამაგიეროდ, დაარტყა ალექსანდრუ გაცკანმა საჯარიმოს მისადგომებიდან ჰაერიდან ისეთი გაისროლა, თქვენგან მოწონებული - 1:1. ცხელ გულზე საუბარი რთულია, მაგრამ გიორგი ლორიას უკეთესი პოზიცია რომ ჰქონოდა, იქნებ გოლი არც გასულიყო. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ გაცკანმა დიდოსტატური გოლი შეაგდო. მატჩის დასრულებამდე 12 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ სახიფათო მომენტთან მიახლოვებულიც კი არ შეგვიქმნია რამე.

მსაჯმა თამაშს 3 წუთი დაამატა და ზედ ბოლო წამზე კინაღამ მეორე მივიღეთ - ვიაჩესლავ პოსმაჩმა სანტიმეტრებით ააცილა კარს. ცალკე სასაუბროა ბულგარელი მსაჯის, გეორგი კაბაკოვის გადაწყვეტილელები, მაგრამ მსაჯზე რამის დაბრალება ასეთი თამაშის ფონზე, ცოტა უადგილოა.

ასეა თუ ისე, 4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ისევ მოუგებლადაა და მხოლოდ ორი ფრით იწონებს თავს...

საქართველო - მოლდოვა (1:0)

გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (16), 1:1 გაცკანი (78)

0.158491