ფეხბურთი

23:32 | 12.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ფეხბურთელებმა დავალებები ვერ შეასრულეს"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ვერმოგების მთავარი მიზეზი ფეხბურთელების მხრიდან დავალებების შეუსრულებლობა გახდა.

“დღეს მხოლოდ ორმა-სამმა ფეხბურთელმა შეასრულა თავიანთი დავალება და სწორედ ამიტომ ვერ მოვიგეთ. ქვილითაიასაც კარგად რომ შეესრულებინა დავალება, მას არ შევცვლიდი. ცვლილებით კი, საყრდენი ზონის გამაგრება ვცადე. სამწუხაროდ, მოლდოვამ საოცარი გოლი გაიტანა. დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელიც მოვიდა სტადიონზე და ვწუხვარ, რომ მათი გახარება ვერ შევძელით.

სამწუხაროდ, ბუბა დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა ადრე მიიღეს ყვითელი ბარათები და ჯაბა კანკავას გამოყვანით საყრდენი ზონის გამაგრება ვცადე. შეცვლებზე პასუხისმგებლობას ვიღებ და ნამდვილად არ გაამართლა. თუმცა, მხოლოდ ეს არ ყოფილა ფრის მიზეზი. ცუდად ვითამაშეთ მეორე სართულზეც, თავით ბურთი კარგად ვერ ამოგვქონდა, ბევრი ფეხბურთელიც ნერვიულობდა, მათ შორის მეკარეც. გაშვებული გოლის ეპიზოდში სამი შეცდომა იყო – ჯერ ბურთი ცუდად გამოვიტანეთ საჯარიმოდან, მერე ვერ მოვიგეთ ორთაბრძოლა და ბოლოს ლორიაც შეცდა მიუხედავად იმისა, რომ გაცკანის გოლი ძალიან ლამაზი იყო.

ვერ გავამრთლეთ არამარტო გულშემატკივრის, არამედ ჩვენი მოლოდინიც. ვფიქრობ, პირველ ტაიმშიც კი არ გვითამაშია კარგად, თუმცა ორი-სამი მომენტი გვქონდა. მეორე ტაიმში გუნდი საერთოდ მოიშალა, შეცვლებმაც არ გაამართლა. მოედანზე არ აღმოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა.

მე არასდროს მითქვამს, რომ საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფიდან გავიდოდა. ვამბობდი და ვამბობ, რომ გვყავს ახალგაზრდული გუნდი, რომელსაც შეუძლია წარმატებას მიაღწიოს. ამ შესარჩევ ციკლში მესამე ადგილიც კარგი შედეგი იქნება”, - განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელი ფრის შემდგომ მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ეტაპზე 4 თამაშის მერე ორი ქულა დაუგროვდა და D ჯგუფში ორი ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

0.117194