მოჭადრაკე ქალთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა ,,მონტე კარლომ’’ ბოლოსწინა, მეექვსე ტურში SPB 2,5:1,5 დაამარცხა, მიმდინარე ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, უახლოეს მდევარ ,,ნონას’’ სამი ქულით უსწრებს და პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა.
რაც შეეხება აწ უკვე ექს ჩემპიონ ,,ნონას’’, ამ ტურში მისი მეტოქე საკმაოდ სუსტი შემადგენლობის მქონე ASD C. S. R. FISCHER CHIETI იყო. ერთმანეთს ხვდებოდნენ: მონიკა სოცკო(2428) - ნანა ძაგნიძე(2507), ოლგა ზიმინა(2394)- ნინო ბაციაშვილი(2489), გაია პაოლილო(2013)- ბელა ხოტენაშვილი(2426), და ევგენია დი პრიმიო(1928)- სალომე მელია(2393). წააგო ძაგნიძემ, ბაციაშვილი კი მხოლოდ ყაიმს დასჯერდა. ჩვენს გუნდს გამარჯვების მომტანი ქულები ხოტენაშვილმა და მელიამ მოუტანეს.
ბოლო ტურის წინ ,,ნონას’’ 9,0 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და უახლოესი მდევრებიდან სამ გუნდს ერთი ქულით უსწრებს. ბოლო ტურში ჩვენი გუნდის მეტოქეა მეოთხე ნომრად განთესილი რუსეთის SHSM LEGACY SQUARE MOSCOW , რომელსაც ორ გუნდთან ერთად 6,0 ქულა აქვს, VI- VIII ადგილები უკავია და საპრიზო ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც კი არ აქვს. მოსკოველთა გუნდის ლიდერია ალინა კაშლინსკაია(2450), ხოლო 2363 ქულით ყველაზე დაბალი რეიტინგი ანასტასია სავინას აქვს.