საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მოლდოვასთან ხვალ გასამართი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდმა შესარჩევ ციკლში ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად აუცილებლად უნდა მოიგოს. ასევე მან ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნაკრების კარი ყველასათვის ღიაა.
მოლდოვა – “როგორც ადრე აღვნიშნე, ყველა თამაში რთულია შესარჩევ ტურნირში. უნდა ვეცადოთ, რომ კარგად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. მოლდოვაზე 1 ქულით მეტი გვაქვს და ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც უელსთან.
რა თქმა უნდა ყოველთვის ვცდილობთ შემტევ ფეხბურთზე გავაკეთოთ აქცენტი. ხვალ გამოჩნდება რა შეუძლია ჩვენს ნაკრებს. შემტევი ფეხბურთის გარდა ჭკვიანურადაც უნდა ვითამაშოთ. შევეცადოთ ვაკონტროლოთ ბურთი. გასულ მატჩში ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა და ასევე უნდა გავაგრძელოთ.
შემტევი ფეხბურთის თამაში დამოკიდებული არაა იმაზე, რამდენი ფორვარდით ვითამაშებთ, ერთით თუ ორით.
ჯაბა კანკავა – ჯაბას დაბრუნება სასიხარულოა. მან უკვე ითამაშა 3 თამაში ჩემპიონატში. მოხარული ვარ, რომ ნაკრებს უბრუნდება კაპიტანი და ის მზადაა დაეხმაროს გუნდს. იქნება თუ არა ძირითადში, ამაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ.
თემურ ფარცვანია – კონკრეტულად ეს ფეხბურთელი ჩვენ მხედველობაში გვყავს. თუმცა, მის პოზიციაზე ნაკრებში ახლა არიან ლობჟანიძე, კაკაბაძე და ყველა ფეხბურთელს რა თქმა უნდა ვერ გამოვიძახებთ. ხვალ გამოჩნდება შეუძლია თუ არა ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა. ტრავმირებული არიან ანანიძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, ყენია. ზოგადად, ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და მე სწორედ ამიტომ მივეცი ახალგაზრდებს გუნდში თამაშის შესაძლებლობა” – განაცხადა ვაისმა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და მოლდოვას შორის მატჩი 12 ნოემბერს, 21 საათზე, “დინამო არენაზე” გაიმართება.