დასასრულს მიუახლოვდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელსაც სერბეთის საკურორტო ქალაქი ნოვი სადი მასპინძლობს.
მოქმედი ჩემპიონი ,,ნონა’’ საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ,,უგრას’’(რუსეთი) ეთამაშებოდა. ნანა ძაგნიძე(2507)- ანა უშენინა(უკრაინა,2453), ნატალია პოგონინა(რუსეთი, 2492)- ნონო ბაციაშვილისა(2489) და ბელა ხოტენაშვილი(2423)- ლილიტ მკრტჩიანის(სომხეთი, 2439) შეხვედრები ყაიმით დასრულდა.მატჩის ბედი მეოთხე დაფაზე გადაწყდა, სადაც სალომე მელიამ(2393) მასზე შედარებით მაღალი რეიტინგის მქონე მარინა ნეჩაევა(რუსეთი, 2420) დაამარცხა და მის გუნდს 2,5: 1,5 მოაგებინა. ამ გამარჯვების შემდეგ ,,ნონამ’’ 7,0 ქულა დააგროვა და მეოთხედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ბოლოსწინა, მეექვსე ტურში ,,ნონას’’ მეტოქე ისრაელისკლუბი ,,ASD C.S.R. FISCHER CHIETI’’ იქნება, რომელსა 6,0 ქულა აქვს და ხუთ გუნდთან ერთად III- VIIIადგილებს ინაწილებს.
პირველი ადგილი თითქმის გაინაღდა ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ,,მონტე კარლომ“(მონაკო), რომელმაც ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მისი მსხვერპლი ,,ლადია’’(რუსეთი) გახდა, რომელსაც მშრალი ანგარიშით 4: 0 მოუგო.