საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიასთან გასამართი საკონტროლო მატჩის მზადების დასკვნით ფაზაშია. აღნიშნული შეხვედრის თაობაზე მედიასთან კომენტარი ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა დავით კაჭარავამ გააკეთა.
31 წლის ქართველი მორაგბის განცხადებით, საქართველოს ნაკრებისთვის დამატებითი მოტივაციაა ის, რომ გამარჯვების შემთხვევაში გუნდი პირველად ისტორიაში მსოფლიო კლასიფიკაციაში მეათე პოზიციაზე გადაინაცვლებს.
“ძალიან მნიშვნელოვანი ნოემბერი გველოდება წინ – იაპონიასთან მატჩი საინტერესო იქნება და მოუთმენლად ველოდებით ამ შეხვედრას. ოპტიმალური შემადგენლობით გავალთ მოედანზე, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, მზადების პროცესიც. ვნახოთ, დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება ეს თამაში. ყოველშემთხვევაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ და მოედანზე მაქსიმუმს დავდებთ.
მსოფლიო თასის შემდეგ იაპონიის ნაკრებში ცვლილებებია, მაგრამ ძირითადი მონახაზი და მოთამაშეები უცვლელია. ვფიქრობ, იგივე სიძლიერის გუნდია, რაც ერთი წლის წინ იყო. ჩემი აზრით, სანახაობრივი თამაში იქნება და შედეგზე თამაშის შემდეგ ვისაუბროთ. დამატებითი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ პირველად ისტორიაში შანსი გვაქვს შევიდეთ მსოფლიოს რეიტინგის პირველ ათეულში.” - განაცხადა კაჭარავამ.
საქართველოსა და იაპონიის ნაკრებთა შეხვედრა 12 ნოემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და იგი თბილისში, “მიხეილ მესხის” სტადიონზე გაიმართება.