საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ესპანეთთან მარცხი (0:3) გამოუცდელობას დააბრალა. ქართველი სპეციალისტის თქმით, ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ესპანეთის მსგავს მეტოქესთან პირველი თამაში იყო.
“ეს იყო ამ ფორმაციის ნაკრების პირველი თამაში საერთაშორისო დონეზე ასეთ მეტოქესთან და შესაბამისად ამან თავი იჩინა. მომდევნო ორ თამაშში ვეცდებით შეცდომები არ გავიმეოროთ და უკეთესად ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაში მოედანზე მოსაგებად გავალთ.
დღეს 5 ფხბურთელი გვაკლდა, ყველა მცველი. სამწუხაროდ ისინი ამ ტურნირზე ვერ ითამაშებენ და ამიტომ მოგვიწია ახალგაზრდა მოთამაშეების გამოყენება. ამას დადებითი მხოლოდ ის შემიძლია მოვუძებნო, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღეს ესპანეთთან თამაშით”, - განაცხადა ყიფიანმა.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები თბილისის ოთხთა ტურნირზე მომდევნო მატჩს 11 სექტემბერს, საფრანგეთთან გამართავს, რომელსაც გორში უმასპინძლებს.