ფეხბურთი

21:05 | 9.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო – ესპანეთი: უიმედო მარცხი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა თბილისის ოთხთა ტურნირზე წარუმატებელი სტარტი აიღო – გიორგი ყიფიანის გუნდმა დღეს, “მიხეილ მესხის” სტადიონზე ესპანეთის შესაბამის ასაკობრივ გუნდთან უშანსოდ წააგო – 0:3.

მოედანზე ისეთი არაფერი მომხდარა, გული რომ ვიჯეროთ მაინც – ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი მეორე ტაიმის სტარტზე გვქონდა, როდესაც გიორგი არაბიძე ახლო მანძილიდან დაემუქრა პირინელთა კარს, მაგრამ საქმეში ხარიხა ჩაერია და გოლი არ გავიდა. იმ დროისთვის ანგარიში უკვე 0:3 იყო. კარლოს ალენასა და ჟორდი მბოულას გოლებით ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებმა მარტივი ფეხბურთით მოახერხეს ჩვენი ნაკრების ძლევა.

მატჩის შემდეგ გიორგი ყიფიანმა განაცხადა, რომ საგანგაშო არაფერია, ეს თამაში ბიჭებისთვის პირველი იყო საერთაშორისო დონეზე ასეთ მაღალი დონის მეტოქესთანო. თუმცა, ერთია სიტყვები და მეორე რეალობა: საქართველოს 19-წლამდე ნაკრების თამაშში ამჟამად არ იგრძნობა არანაირი იმპროვიზაცია, დაცვიდან შეტევაში სწრაფი და რაც მთავარია, სწორი გადასვლა. ანუ, ყველაფერი ის, რაც თანამედროვე ფეხბურთის სათამაშოდაა საჭირო. გუნდს ეტყობა, რომ მთლიანად ერთ კაცზეა დამოკიდებული – გიორგი არაბიძე ინდივიდუალურად ბევრს ეცადა გაემწვავებინა შეტევა და რამე ღირებული შეექმნა, მაგრამ მარტო რთულია 4 და 5 მცველს აჯობო. პირველ ტაიმში გასახსენებლად ერთი ეპიზოდი ღირს, როცა ქართველი შემტევი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა. არაბიძემ თამაშის მერე თქვა, რომ წამაქციესო, მაგრამ მსაჯისთვის ჩემით წავიქეციო – ფაქტია, პენალტი არ დაინიშნა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში კი, ჟორდი მბუელამ მარჯვენა ფლანგიდან მცველებს ისე აჯობა, თითქოს მის წინ არავინ ყოფილიყო და ახლო მანძილიდან გატანა არც გასჭირვებია.

მართალია, დღევანდელი შეხვედრა ამხანაგური იყო და მოსამზადებელ ხასიათას ატარებდა, მაგრამ ასეთი თამაშითა და შემართებით ერთი წლის მერე, წარმატებაზე ფიქრი ძალიან გაძნელდება – კარგი იქნება ვცდებოდეთ.

პირველი ტურის მეორე შეხვედრაში საფრანგეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები ერთმანეთს დაუზავდნენ – 1:1. მეორე ტურის შეხვედრას საქართველო 11 სექტემბერს, საფრანგეთთან ჩაატარებს - გორში, “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე.

საქართველო (U19) – ესპანეთი (U19) 0:3 (0:2)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, კურცია (ვარძელაშვილი 77), კობოური, ფოჩხუა (ქოჩორაშვილი 59), არაბიძე (არველაძე 77), ხუბაშვილი, კვანტალიანი (ჩოგაძე 46), ხარაბაძე (ბულუხაძე 81), ჩაკვეტაძე (სამურკასოვი 77), ქავთარაძე (საღრიშვილი 59)

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

ესპანეთი: ლორენტე, ბუნუელი (სასეტა 80), მარტინი, ალენა (პეინადო 68), მბოულა (ნსანგი 59), ნავარო (ალკონი 68), ოსკარი (გარსია 59), გალარდონი, პოზო (აბდელკადერი 59), გორდონი, ჯენარო (ვაია 75)

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

გოლები: 0:1 ალენა (1), 0:2 მბოულა (28), 0:3 მბოულა (54)

გაფრთხილება: კუცია (70), არველაძე (90) – ჯენარო (74)

მსაჯი: ნიკოლა დაბანოვიჩი (მონტენეგრო)

0.302473