ფეხბურთი

17:45 | 9.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "...არადა, ფეხბურთელებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ"

"იმედი გამიჩნდა და არ ვაპირებ, რომ ეს იმედი გადავიწურო";

"მოლდოვა გიბრალტარი არაა, რომელსაც 3:0 ან 4:0-ს მოუგებ, რთული მატჩი იქნება";

"ვლადიმირ ვაისი ერთია, ჩვენ ბევრნი ვართ და ცდილობს, რაც შეიძლება ღრმად ჩაიხედოს ქართულ მენტალიტეტში";

"სულაც არ ვნანობ, რომ "ვიტესში" დავრჩი, რადგან ამ კლუბში დაფასებული ვარ და ჩემი წილი მიღწევები მაქვს. ვთამაშობ ჰოლანდიაში, სადაც ბრწყინვალე საფეხბურთო გარემოა და სტადიონი სულ სავსეა";

ეს ამონარიდებია გურამ კაშიას ინტერვიუდან, რომელიც მან worldsport.ge-ს მისცა. არ დავიწყებთ იმაზე საუბარს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კაშია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. დაცვაში საიმედო თამაში და ლიდერის თვისებები, სხვადასხვა პოზიციებზე თამაში - კაშია 29 წლისაა და 6 წელიწადზე მეტია, რაც არნემის "ვიტესს" კაპიტნობს, ხოლო ბოლო ორ სანაკრებო შეხვედრაში ეროვნულ გუნდშიც კაპიტნად მოგვევლინა.

კაშიასთან საუბარი სწორედ ოქტომბერში ჩატარებული მატჩების ზოგადი შეფასებით დავიწყეთ:

- 0:1 ირლანდიაში და 1:1 უელსში. მიუხედავად მხოლოდ ერთი ქულისა, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხმა გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა. პირადად შენ რა ემოციები დაგიტოვა ორმა გასვლითმა თამაშმა?

- დადებითი იყო, რომ იმედი გაგვიჩნდა და ყველამ ნახა, საქართველოს ნაკრებს გამართული ფეხბურთის თამაში შეუძლია. ფეხბურთი ასეთია, ყოველთვის ლოგიკური შედეგით არ სრულდება, მაგრამ ჩვენ ისეთ დღეში ვიყავით, ხალხს იმდენად ჰქონდა ხელი ჩაქნეული, რომ კარგი თამაშიც უკვე ბევრს ნიშნავს. შედეგი უმთავრესია, თუმცა როცა ხარისხს შევინარჩუნებთ და სტაბილურად კარგად ვითამაშებთ, შედეგიც აუცილებლად მოვა. ვხედავდით და ვგრძნობდით, ხალხს ჩვენი არ სჯეროდა, ამ ორი მატჩის შემდეგ კი განწყობა შეიცვალა.

- შედეგი გასაგებია და ვერავინ შეცვლის. თამაშზე გავამახვილოთ ყურადღება და საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ ხარისხი უკეთესობისკენ შეიცვალა?

- მგონი, პირველად მოხდა, რომ გამოძახებული ფეხბურთელებიდან ყველა ჩამოვიდა ნაკრებში. ადრე ისე იყო, მაინცდამაინც სანაკრებო თამაშის წინ იღებდნენ ტრავმებს.

- ვისზე მიანიშნებ?

- ეს მინიშნება არაა. ფაქტია, რომ ასე ხდებოდა, მაგრამ ხელს ვერავის დავადებ, სპეციალურად არ ჩამოდიოდა ნაკრებში-მეთქი. არც მინდა ამაზე ვიფიქრო. თუმცა იყო გაუმართლებელი მიზეზები, პირადად ჩემთვის ცოტა გაუგებარი. აი, ირლანდიასთან და უელსთან მგონი პირველად მოხერხდა ანანიძის, ოქრიაშვილისა და ყაზაიშვილის ერთად თამაში. ისინი არიან შემქმნელები, მათ უნდა წარმართონ შეტევები.

- არც იმის აუცილებლობა იყო, რომ საყრდენ ნახევარმცველად გეთამაშა. ამ პოზიციაზე დისკომფორტს გრძნობ?

- არც არის დასამალი. საყრდენობა ჩემი პოზიცია არაა. გასაგებია, ესპანეთთან, საფრანგეთთან და ასეთ ძლიერ ნაკრებებთან ჩემთვის შედარებით იოლია საყრდენად თამაში, რადგან მეტოქე გიტევს და ჩაშლაზე ხარ ორიენტირებული.

- თუმცა ბოლოს ნაკრებში მარცხენა ცენტრალურ მცველად თამაშობდი, "ვიტესში" კი მარჯვენა ცენტრალური მცველი ხარ.

- გეთანხმებით და არც მარცხენა ცენტრალური მცველობაა ჩემი პოზიცია. მარჯვნივ ვთამაშობ. თუმცა რადგან ნაკრებს ასე სჭირდება, უნდა ვითამაშო.

- მთავარი, რაც ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში შემოიტანა, რა არის? და როგორ დაახასიათებდი, როგორი ყაიდის მწვრთნელია?

- ვაისი კლასიკურ 4-3-3 განლაგებას ამჯობინებს. მუდმივად ეძებს შემქმნელ ფეხბუთელებს და ცდილობს, რომ ჩვენი კარიდან რაც შეიძლება შორს ითამაშოს ნაკრებმა. არც ირლანდიაა სუსტი და არც უელსი, მაგრამ თავადაც ნახეთ, რამდენი შემტევი ფეხბურთელი გვყავდა. ვაკო გვილიაც კი, თავისი მოწოდებით, უფრო შემტევია, ვიდრე ჩამშლელი.

- მწვრთნელისა და ფეხბურთელების ხშირი კონტაქტი და ურთიერთგაგება. ეს იგრძნობა ნაკრებში?

- ვაისი ერთია, ჩვენ ბევრნი ვართ და მწვრთნელი ცდილობს, რაც შეიძლება ღრმად ჩაიხედოს ქართულ მენტალიტეტში. ასე ვთქვათ, ადაპტაციას გადის. მწვრთნელი შედეგით ფასობს: გაქვს შედეგი? კარგი მწვრთნელი ხარ, თუ არადა - არა. ვაისი კარგი მწვრთნელია, ეს ბევრგან დაუმტკიცებია და აქაც იმედიანად ვართ.

- არნემის "ვიტესზე". მეცხრე ადგილზე ხართ და რატომ ვერ თამაშობთ ამ სეზონში შედეგიანად?

- დასამალი არაა, რომ ცოტა მომენტს ვქმნით, მაგრამ რამდენიმე თამაშში აშკარად არ გაგვიმართლა. ისეთი ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს, რომ უკეთ ავთამაშდებით. შედეგი მოვა, თანაც ჰოლანდიის თასისთვის ვიბრძვით და ვეცდებით, რომ მოვიპოვოთ.

- ვაკო ყაზაიშვილი რამდენად დააკლდა "ვიტესს"?

- ვაკო დაგვაკლდა. ცოტა მომენტს ვქმნითო, რომ ვთქვი, გარკვეულწილად მისი არყოფნის ბრალიცაა.

- ექვსი წლის განმავლობაში, "ვიტესიდან" ბევრი ფეხბურთელი წავიდა უკეთეს გუნდში. მათ შორის ისეთებიც წავიდნენ, რომლებიც "ვიტესში" ნამდვილად არ ბრწყინავდნენ, ამ დროს კი გუნდის უცვლელი კაპიტანი და ჰოლანდიის ჩემპიონატში ცნობილი მცველი ისევ ამ გუნდში ხარ. რატომ?

- სულაც არ ვნანობ, რომ "ვიტესში" დავრჩი, რადგან ამ კლუბში დაფასებული ვარ და ჩემი წილი მიღწევები მაქვს. იყო შემთხვევები, "ვიტესიდან" მაგარ გუნდებში წავიდნენ ფეხბურთელები, მაგრამ იქ არ თამაშობენ. მაგალითად, მარკო ვან გინკელის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი. ამბიციები როგორ არ მაქვს?! უბრალოდ, უფრო ძლიერი კლუბიდან ჩემთან არავინ მოსულა და კონტრაქტი არ შემოუთავაზებია. იყო რუსეთის, თურქეთისა და ბელგიის კლუბების ვარიანტები, მაგრამ არ მაინტერესებს და იცით, რატომ? ვთამაშობ ჰოლანდიაში, ბრწყინვალე საფეხბურთო გარემოში, სადაც სტადიონი სულ სავსეა. ჩემთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორია. დაფასებული ფეხბურთელი ვარ კლუბში, ყველა პატივს მცემს და გარკვეული პრივილეგიებიც მაქვს.

- არნემში ძალიან პოპულარული იქნები. ინტერნეტში ხშირად ჩნდება ფოტოები, ვეტერან ქომაგებთან და ბავშვებთან ჩახუტებული ხარ.

- სრულიად უცხო ადამიანებს რომ უყვარხარ, ზოგჯერ საოცარიცაა. ფოტოს გადაღებაზე აღარაფერს ვამბობ, ხალხი მოდის და ჩახუტებას გთხოვს. უფრო სასიამოვნო რაღა უნდა იყოს. ფაქტობრივად, საქართველოს ელჩი ვარ ჰოლანდიაში და მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანას ცუდი კუთხით არ წარმოვადგენ.

- საქართველოში ასეთ სითბოს გრძნობ?

- სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ვგრძნობ. გულშემატკივრები ახლა პოზიტიურად არიან განწყობილნი, ირლანდიასა და უელში ჩატარებულმა კარგმა თამაშებმა იმოქმედა. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში უფრო გავაქტიურდი, ეს ვიგრძენი. მანამდე, წეღანაც ვთქვი, ხალხს ჩვენი არ სჯეროდა. ზოგადად, ქართველი ქომაგი ნაკლებად კონტაქტურია და დისტანციას იჭერს ფეხბურთელებთან, არადა, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, მხოლოდ პროფესია განგვასხვავებს.

- ნაკრების კაპიტნობა როგორი შეგრძნებაა? უფრო რთულია, ვიდრე კლუბის კაპიტნობა?

- ვერ ვიტყვი. პასუხისმგებლობას თუ არ გაურბიხარ და ბოლომდე იხარჯები, ორივეგან ერთნაირია. ოღონდ, სამშობლოს ნაკრების კაპიტნობა უფრო საამაყოა, ვიდრე კლუბისა.

- ირლანდიასთან მატჩის დროს, მეტოქის ფეხბურთელს დახმარება აღმოუჩინე, რაც ლამაზი საქციელი იყო. ირლანდიელმა ქომაგებმა სოციალურ ქელში მადლობა გადაგიხადეს?

- დიახ, არაერთი სამადლობელი სიტყვა წავიკითხე. დუბლინში ჩამოდი, უფასო სასმელი ჩვენზე იყოსო... წმინდა სპორტული ხასიათის დახმარება იყო. მადლობა ღმერთს, რაიმე განსაკუთრებით საშიში არაფერი ყოფილა. ჩემი საქციელი მოეწონთ, ირლანდიაშიც ბევრმა აღნიშნა და ჰოლანდიაშიც.

- წინ მოლდოვასთან მატჩია, რომელიც უკვე აუცილებლად მოსაგებია. ფსიქოლოგიურად მზად ხართ?

- რთული მატჩი იქნება, რადგან მოლდოვა გიბრალტარი არაა, რომელსაც 3:0 ან 4:0-ს უპრობლემოდ მოუგებ. ნაკრებში საბრძოლო განწყობაა და იმედი მაქვს, ტრიბუნებიც გაივსება. ჩემთვის ენითაუწერელი გრძნობაა, როცა თამაშის წინ მოედანზე გამოვდივარ და გადატენილ ტრიბუნებს ვხედავ. აქამდეც გავსებულა ჩვენი სტადიონი, ზოგჯერ თამაშის მნიშვნელობის, ზოგჯერაც ძლიერი მეტოქის გამო, მაგრამ რაც მთავარია, ივსებოდა და იმედი მაქვს, მოლდოვასთანაც ასე იქნება. დავინახე იმედი ფეხბურთელებში, დავინახე გულშემატკივრებში, პირადად მეც იმედით სავსე ვარ და ამის ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებ.

0.144882