ნოვი სადში (სერბეთი) მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრები ლიდერთა შორის მყოფი გუნდების მონაწილეობით.
ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი ,,ნონა’’ უძლიერესი შემადგენლობით მოასპარეზე ,,მონტე კარლოს’’(მონაკო) შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2,5: 1,5 დამარცხდა. ქართველი მოჭადრაკეებიდან ერთადერთი გამარჯვება სალომე მელიამ მოიპოვა, რომელმაც ევროპის მრავალგზის ჩემპიონ პია კრამლინგს(შვედეთი) მოუგო. ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი შესაბამისად მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანთან (ჩინეთი) და ვიცე ჩემპიონ მარია მუზიჩუკთან(უკრაინა) დამარცხდნენ. ყაიმით დასრულდა ნინო ბაციაშვილისა და ანა მუზიჩუკის(უკრაინა) შეხვედრა.
6-6 ქულით I-II ადგილებს ,,მონტე კარლო“ და ,,უგრა“(რუსეთი) ინაწილებენ. მესამე-მეხუთე ადგილებს ,,ნონა“, ,,ოლდარ იურდუ“ და ,,ლადია“ იყოფენ. მეოთხე ტურში ,,,ნონას“ მეტოქე ,,ოლდარ იურდუ“ იქნება, ლიდერები კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.