9-14 ნოემბერს საქართველოში 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის პრესტიჟული ოთხთა ტურნირი გაიმართება. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილთა მეტოქეები ესპანეთი, ჰოლანდია და საფრანგეთი იქნებიან. თავად განსაჯეთ, რა დონის ნაკრებები ჩამოვიდნენ და რამდენ მომავალ ვარსკვლავს ვნახავთ...
სასტუმრო "ჰუალინგში" ტურნირისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, ოთხივე ნაკრების მწვრთნელმა ისაუბრა თამაშების მნიშვნელობაზე, თავიანთი ნაკრების მზადყოფნაზე და მადლობა გადაუხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იმისთვის, რომ ასეთ ტურნირს ატარებენ.
სხვათა შორის, ჰოლანდიელთა თავკაცი მაარტენ სტეკელენბურგი და ესპანელთა მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე ადრეც ყოფილან საქართველოში, მაშინაც თავიანთი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელების რანგში. მეტიც, შარშან გაზაფხულზე დე ლა ფუენტეს გაწვრთნილებმა 19-წლამდელთა ელიტ-რაუნდის ჯგუფი თბილისში მოიგეს, შემდეგ კი ფინალური ეტაპიც ბრწყინვალედ ჩაატარეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. მაშინ ესპანელებს ჰყავდათ ბორხა მაიორალი, ასენსიო და ასე შემდეგ...
გიორგი ყიფიანი (საქართველო): "გეცოდინებათ, გაისად ზაფხულს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ და ეს ტურნირი ერთ-ერთ მოსამზადებელ ეტაპად განიხილება. მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის პრესტიჟულია, რომ ასეთი ქვეყნის ნაკრებები ჩამოვიდნენ. კარგად დავინახავთ, თუ რა სათამაშო დონეზე ვიმყოფებით, რა გვაკლია ყველაზე მეტად და რა ასპექტში გვაქვს სამუშაოები ჩასატარებელი.
...შეკრება ჩვენთვის არასასიამოვნოდ დაიწყო, რადგან ტრავმის გამო გამოგვაკლდნენ ლოჩოშვილი, ლაკვეხელიანი, ასათიანი, ქაფიანიძე და გაფართოებულ სიაში მყოფი კასრელიშვილი. თანაც, თითოეული მათგანი მცველია და ამ რგოლში პრობლემები გაგვიჩნდა. ამიტომაც, ნახევარმცველების უკან დაწევა მოგვიწევს".
დე ლა ფუენტე (ესპანეთი): "ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში კიდევ ჩამოვედი. თბილისში შარშან 19-წლამდელთა ელიტ-რაუნდი მოვიგეთ, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონები გავხდით. იმედია, საქართველო ამჯერადაც იღბლიანი იქნება ჩვენთვის. სრულიად ახალი ნაკრები გვყავს და მოხარული ვარ, რომ ბიჭები კარგად თამაშობენ თავიანთ კლუბებში. საერთოდ, 25-28 ფეხბურთელი მყავდა სიაში და რამდენიმეს სხვადასხვა მიზეზით ვერ მოუწია საქართველოში ჩამოსვლამ.
...16-წლამდელებიდან დაწყებული, ეროვნულით დამთავრებული, ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები იდენტურ სათამაშო მოდელს იყენებს. განსხვავება მხოლოდ სახელები და სათამაშო დონეა. გვყავს გამორჩეული ფეხბურთელებიც, რომლებსაც მალევე შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში. მაგალითად, კარლეს ალენია "ბარსელონადან", მანუ გარსია "ალავესიდან", ფრანსისკო ბელტრანი "რაიო ვალეკანოდან"...
მაარტენ სტეკელენბურგი (ჰოლანდია): "საკადრო პრობლემები არ გვაქვს და გვსურს, რომ საქართველოში, ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ძლიერი გუნდების წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენოთ. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებული იყო, რადგან ნორვეგიას, რუმინეთსა და სან-მარინოს მოვუგეთ და ქულთა მაქსიმუმი ავიღეთ. რაც მთავარია, განწყობა კარგია და მომზადების დონითაც კმაყოფილი ვარ".
ჟან-კლოდ ჟიუნტინი (საფრანგეთი): "ვფიქრობ, მართლაც კარგი ტურნირი იქნება, რადგან ელიტარული ნაკრებები ითამაშებენ. საქაართველოში კარგი მოედნებია და პირობებიც მშვენიერია. წინა თვეში ჩეხეთში გვქონდა ტურნირი და ამჯერად განსხვავებული შემადგენლობით ჩამოვედით საქართველოში, რადგან გვსურს, რომ უფრო ახალბედებიც ვნახოთ საქმეში. ჩვენი ფეხბურთელები უეფას ახალგაზდრულ ლიგაში წარმატებით თამაშობენ და მაინტერესებს, როგორ გამოიჩენენ თავს სანაკრებო დონეზე".
კითხვა დაისვა ზინედინ ზიდანისა და პატრიკ კლუივერტის შვილებზე. ზიდანის ვაჟი ლუკა მეკარე გახლავთ, ხოლო კლუივერტის ვაჟი, ჯასტინ კლუივერტი, მარჯვენა გარემარბადაც თამაშობს და თავდამსხმელადაც.
ფრანგების მწვრთნელი ლუკა ზიდანის (მადრიდის "რეალ კასტილიაშია") გამორჩევას მოერიდა, ნაკრების ერთი რიგითი წევრიაო. სტეკელენბურგმა კი შეაქო ჯასტინ კლუივერტი ("აიაქსის" 19-წლამდელები), ნაკრებში ასაკით სხვებზე უმცროსია, პირველად მოვიწვიეთ და უდავოდ ნიჭიერიაო. მისივე თქმით, ჯასტინ კლუივერტი ჰოლანდიაში 17 წლის ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია.
ტურნირის მატჩების განრიგი:
9 ნოემბერი
ჰოლანდია-საფრანგეთი (თბილისი. "მიხეილ მესხი 2". 12:00 სთ.)
საქართველო-ესპანეთი (თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00 სთ.)
11 ნოემბერი
ჰოლანდია-ესპანეთი (თბილისი. "მიხეილ მესხი 2". 12:00 სთ.)
საქართველო-საფრანგეთი (გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 15:00 სთ.)
14 ნოემბერი
საფრანგეთი-ესპანეთი (თბილისი. "მიხეილ მესხი 2". 15:00 სთ.)
საქართველო-ჰოლანდია (თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00 სთ.)