ჭიდაობა

15:59 | 6.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ხალიჩაზე წულუკიძე და დათუნაშვილი გავლენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ტიტულოვანმა წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა წონითი კატეგორია შეიცვალა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი (75 კილოგრამში) თბილისის სპორტკომპლექს "არენაში”, საქართველოს ჩემპიონატზე არაოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 80 კილოგრამში ჩაება და შიდა კონკურენციაში უმალ გალიდერდა.

საქართველოს პირველობა მხოლოდ ორ არაოლიმპიურ წონაში (71 და 80 კგ) ჩატარდა და ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის შემადგენლობის დასადგენი შეჯიბრება. მიმდინარე სეზონის ბოლოს - 10-11 დეკემბერს, ბუდაპეშტში სწორედ – 71 და 80 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები და საქართველოს ნაკრები უნგრულ ხალიჩაზე ქვეყნის ჩემპიონებს გაიყვანს.

71 კილოგრამში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე მინდია წულუკიძე ავიდა. აჭარელმა მოჭიდავემ ფინალში სენაკელ საჩინო დავითაიას მოუგო.

80 კილოგრამის გადამწყვეტ ბრძოლაში ზურაბ დათუნაშვილმა აჭარელ ლაშა გობაძეს აჯობა.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გამო, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ 2016 წლის კალენდარში მსოფლიოს ჩემპიონატის პროგრამა მაქსიმალურად შეკვეცა – ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მოჭიდავეები წლეულს მსოფლიოს პირველობით აღარ დატვირთეს.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

71 კგ

1 მინდია წულუკიძე (აჭარა)

2 საჩინო დავითაია (სენაკი)

3 გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)

3 გიორგი დავითაია (სენაკი)

80 კგ

1 ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)

2 ლაშა გობაძე (აჭარა)

3 თემურ ჭკუასელიძე (თბილისი)

3 ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა)

0.126354